18 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
რა თემებზე გაკეთდა აქცენტი სუს-ის 2019 წლის ანგარიშში - ოპოზიცია უწყებას აკრიტიკებს

რუსული აგრესია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, 20 ივნისი და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, ასევე, დავით გარეჯში გასულ წელს შექმნილი დაძაბული მდგომარეობა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში უკვე პარლამენტშია. 42-გვერდიან დოკუმენტში ყველა იმ ძირითად გამოწვევაზეა საუბარი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

დოკუმენტის მიხედვით, წლების განმავლობაში არ იცვლება მთავარი საფრთხე და ის ისევ რუსეთის ფედერაციის ექსპანსიურ პოლიტიკას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები კი საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას. წლიურ ანგარიშში ვრცლად არის საუბარი სოფელ ჩორჩანასა და გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი.

სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყანაში 20 ივნისის ღამე და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს დაზიანებად არის შეფასებული.

20 ივნისის მოვლენებზე გაკეთებული ჩანაწერი გახდა სწორედ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კრიტიკის მიზეზი. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ სუს-ი პოლიტიკურ ინტერესს ატარებს, როცა არაფერს წერს იმ ღამეს განვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე.

გარე და შიდა საფრთხეებზე აქცენტს მმართველი გუნდიც აკეთებს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აცახდებენ, რომ ის, რაც 20 ივნისს მოხდა, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობა იყო.

სუს-ის ანგარიშში წელსაც მოხვდა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები, ასევე დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტები. კონკრეტულად ის, რომ ამ საქმეებზე სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით შემხვედრი ნაბიჯები ისევ არ გადადგმულა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და დაკავებებს, საანგარიშო პერიოდში მოხვდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება.

მთლიანობაში 2019 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86 პირს აღუკვეთეს უკანონოდ თავისუფლება, ხოლო 27 პირი დააკავეს ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საოკუპაციო რეჟიმების მსგავსი ქმედებების შეჩერებას ხელს დამნაშავეთა სიის გაზრდა და მათთვის სანქციების დაწესება შეუშლის. ექსპერტთა ნაწილი კი ფიქრობს რომ საქართველომ ყველა არსებულ გამოწვევას კომპლექსური მიდგომით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით უნდა უპასუხოს.

გასული წლის გამოწვევებიდან სუს-ის ანგარიშში მოხვდა დავითგარეჯში განვითარებული მოვლენებიც და ის აზერბაიჯანთან ურთიერთობის დესტაბილიზაციის მცდელობად არის შეფასებული. ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის, ვის გულისხმობენ, თუმცა ამბობენ, რომ გარეჯის მოვლენებში ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული პირები და ჯგუფები მოქმედებდნენ.

COVID-19-ს გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდის განიხილავს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშს, უცნობია. დოკუმენტზე ჯერ კომიტეტზე შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

დღის ამბები