"საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილები შევიდა და უცხოელებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით გარდამავალი დებულება დაემატა მე-5 მუხლის სახით:
მუხლი 5. გარდამავალი დებულება უცხოელებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
როგორც საკანონმდებლო მაცნეშია ნათქვამი, განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.