18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და რელიგიურ ფანატიკოსებს - გიგა ბოკერია

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა ეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე საპატრიარქოს.

ხელისუფლებას იმ ნაწილში, რომ მათ ვერ შეძლეს თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვების მკაცრი აღსრულება და სწორედ ამიტომ, გუშინ, მოუწიათ ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გადაწყვეტილების შესახებ გვიან ღამით გახდა ცნობილი და მოქალაქეებს მოსამზადებლად საკმარისი დრო არ ჰქონდათ.

რაც შეეხება საპატრიარქოს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ სასულიერო პირებმა არსებულ მძიმე ვითარებაში მოქალაქეებისთვის დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა დაუშვან. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს” წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, მორწმუნე მოქალაქეები ხელისუფლებას და ეკლესიის წარმომადგენლებს მძევლად ჰყავს აყვანილი. ბოკერიას თქმით, მთავრობას ეკლესიასთან საარჩევნო კონტრაქტი აქვს დადებული, რის გამოც მოქალაქეების ჯანმრთელობას წირავს.

"ჩვენი ქვეყანა, კანონმორჩილი და შეგნებული მოქალაქეები, მათ შორის კანონმორჩილი, მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავს უგუნურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და რელიგიურ ფანატიკოსებს. ხელისუფლებას, რომელსაც ამ რელიგიურ ფანატიკოსებთან საარჩევნო და პოლიტიკური კონტრაქტი აქვს და ამიტომ ამას წირავს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დანარჩენი მოქალაქეების. ყველა დანარჩენი იხდის საფასურს ამ უპასუხისმგებლო მთავრობის და ამ რელიგიური ფანატიკოსების," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ახლა ყველაზე ნაკლებად არის კრიტიკის დრო და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არსებული ვითარების ფონზე მთავრობის მხრიდან მიიღება, საკოორდინაციო საბჭო ფართო კონსულტაციების შედეგად იღებს. რაც შეეხება ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას, როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ამ ზომების დაცვა ყველასთვის სავალდებულო იქნება და არც კომენდანტის საათის დარღვევას დაუშვებენ.

"მე მესმის ოპოზიციის განწყობა, მათ ეჩქარებათ არა რაიმე რეგულაციის შემოღება, არამედ კრიტიკა. არაუშავს, ჩვენ გადავიტანთ ვირუსსაც და ოპოზიციის უსაფუძვლო კრიტიკასაც. მთავარია დავიცვათ რეგულაციები. დაწესებული კომენდანტის საათი გავრცელდება ყველგან და ყველასათვის ისე, რომ აქ რა თქმა უნდა, არ იქნება დათმობა. ასევე ტაძრებში უნდა იქნეს დაცული ის ელემენტარული პირობები, რომ იყოს დისტანცირება, არ იყოს უშუალო ფიზიკური კონტაქტები," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები