რატომ უნდა ათანხმებდეს საპატრიარქოსთან მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებებს და რატომ აქვს პრეტენზია საპატრიარქოს - ოპოზიციას კითხვები აქვს და კიდევ ერთხელ აკრიტიკებს შექმნილი ვითარების გამო, როგოც მთავრობას, ასევე სასულიერო პირების ნაწილს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას პოპულიზმში და გაუბედაობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე არათანაბრად მუშაობდეს.
"რეგულაციები მძიმე ტვირთად აწვება კანონმორჩილ მოქალაქეებს მაშინ, როდესაც ვხედავთ კუნძულებს და არა ერთ კუნძულებს, რომელიც არ ემორჩილება ამ კანონებს და ხელისუფლებაც ვერ უბედავს მათ გარკვევით და მკაფიოდ უთხრას, რომ ეს რეგულაციების უნდა გავრცელდეს ყველაზე და ყველა ნიშნავს ყველას, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ლიტურგიაში მრევლის აქტიური მონაწილეობა დღეს გახდება უზარმაზარი საფრთხის შემქმნელი, როგორც ამ ადამიანებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის. ხელისუფლება ამ ვითარებაში კიდევ ბუჩქის უკან იმალება," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს, ისინი ხელისუფლებას მხოლოდ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი ზომების აღსრულებასთან დაკავშირებით თავად საპატრიარქოს აყენებს დარტყმას.
"მე მგონია, რომ ხელოვნურად და ქვეტექსტებით ხდება მთელი აგრესიის მიმართვა ახლა ეკლესიისკენ, რაც არა მგონია, რომ ეს იყოს ასევე ჯანსაღი პროცესი. ეს ორმაგი სტანდარტი, რასაც ვხედავ ხელისუფლების მხრიდან ერთის მხრივ თითქოს არ კრძალავენ და მეორეს მხრივ ეს აგრესია მიმართულია ახლა ეკლესიისკენ, ესეც არ არის ჯანსაღი. ადამიანის სულსაც სჭირდება გადარჩენა და ხორცსაც," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია.
როგორც "ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებებით პასუხისმგებლობა მოსახლეობას გადააკისრა. ბოკერიას თქმით, მმართველ გუნდს ხელისუფლების შენარჩუნების მძაფრი ინტერესი ამოძრავებს და გაუაზრებელ ქმედებებს აკეთებს.
"ხელისუფლებამ პილატე პონტოელის მსგავსად პასუხისმგებლობა ხალხს გადააკისრა სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად უნდა, რომ ისევ და ისევ პოლიტიკური სარგებელი მიიღოს ამ ყველაფრისგან და აჩვენებს თითქოს რამეს აკეთებს. აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედებებია, რისი მსხვერპლიც არის დღეს საქართველო. არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა და პოლიტიკური მძაფრი ინტერესი ხელისუფლების შენარჩუნების, მეტი არაფერი არ ამოძრავებს ამ ადამიანებს სამწუხაროდ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობამ ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დროულად გაფრთხილება ვერ უზრუნველყო და ამან გარკვეულწილად მოქალაქეებს დისკომფორტი შეუქმნა.
ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მიზანი არ არის მოქალაქეებისათვის დისკოფმორტის შექმნა და ზომების გამკაცრების მიზანია, რომ ქალაქის და ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება უფრო ნაკლები გადაადგილება მოხდეს.
"ნებისმიერი შეზღუდვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და დანიშნულება არის მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა. მეტი მიზანი არ არის. არავის არ სჭირდება და არ არგია ვინმეს დისკომფორტი. მიზანი დისკომფორტი არ არის, მიზანია ადამიანების კონტაქტის შემცირება,"- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.