საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი ბოლნისისა და სოფელი რაჭისუბნის ჩაკეტვის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად არის გაზრდილი, ჩაკეტვის შესახებ გადაყვეტილება სწორედ კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
სოზარ სუბარის თქმით, იწყება მოქალაქეების კიდევ უფრო ფართოდ სკრინინგი და შემოწმება, რადგან საფრთხის მაქსიმალურად ასაცილებლად.
"იქ გავრცელების პატარ-პატარა კერები იჩენდა თავს პერიოდულად. მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ადგილი შიგნით გამოვყავით, რომლებსაც აეკრძალათ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა.
პირველი ასეთი იყო ქვემო ბოლნისი და ზომებმა იქ შედეგი მოგვცა ის, რომ 6-ზე გაჩერდა და აღარ გაიზარდა ამ სოფელში დაინფიცირებულთა რაოდენობა, შემდეგ იყო სავანეთი, სადაც 5 ადამიანია დაინფიცირებული და დღეს მივიღეთ გადაწვეტილება, რომ თვითონ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იქნა გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან.
ეს გადაწყვეტილება განაპირობა უკვე იმან, რომ მკვეთრად გაიზრდა უშუალოდ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ დაინფიცირებულია არა ერთი სამედიცინო პერსონალი და რადგანაც სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ექთნებს უხდებათ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, გააჩინა საფრთხე, ხომ არ არის მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომაც, ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას, ტესტირებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა, რომელიც შეიძლება იყოს და ყველა საეჭვო დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს და სახლში რჩებიან. სოზარ სუბარი კიდევ ერთი საკარანტინო ზონის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ეს არის სოფლები კაზრეთი და ბალიჭები. მიზეზი, იქ "არემჯი“-ის საქმიანობას უკავშირდება. სოზარ სუბარის განმარტებით, იქ ბევრი ადამიანი მუშაობს და ინფექციის გავრცელების გამოსარიცხად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ზონები გამოიყოს.
"ბოლნისი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი, იმიტომ, რომ 47 ადამიანს მიაღწია ბოლნისი მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულების ადამიანების რიცხვმა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.