სოფელ ტახტისძირის მკვიდრების სახნავ-სათესი მიწები ოკუპანტებმა მიიტაცეს. რუსი სამხედროები სოფლის მიმდებარედ დღეს გამოჩნდნენ და მავთულხლართების გავლება ადგილობრივების მიერ დამუშავებულ ნაკვეთებში დაიწყეს. ზოგან მიწა მოხნულია, ზოგან უკვე დათესილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საოკუპაციო რეჟიმმა მათი ვაშლისა და ატმის ბაღებიც შემოღობა და ისინი ერთადერთი შემოსავლის გარეშე რჩებიან.
სოფელ ტახტისძირში ყვებიან, რომ რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ ადგილობრივები საკუთარი ნაკვეთებიდან გამოაგდეს და უთხრეს, რომ მიწები მათი აღარაა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მავთულხლართებს მიღმა რჩება საძოვრებიც. ადგილობრივები საკუთარი მიწების შემოღობვას შორიდან ადევნებენ თვალს.
სოფელ ტახტისძირში ოკუპანტების უკანონო ქმედებების შესახებ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე შეატყობინა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვს ადგილობრივ მოსახლეობის გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენებაში ადანაშაულებს.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომაც.
ვიდრე მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ტერიტორიას მავთულხლართებით ღობავს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების სოციალური ფონი კი, სულ უფრო მძიმდება.
ავტორი: იზო ჩუბინიძე