საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს. მისი განცხადებით, ამ რთულ პერიოდში, როდესაც ქვეყენაში შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა იწყება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექიმების გაფრთხილებები და სხვა ქვეყნების მძიმე გამოცდილებები.
"დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე, და უჩვეულოა, რომ ამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალოს, მიმართოს თავის ხალხს.
საჭიროდ მივიჩნევ იმიტომ, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების უფლება.
პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და, დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას.
ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ასცდნენ.
თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს - ის, რომ პიკი გარდაუვალია - ისევე, როგორც უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს.
ამიტომ, ისევე, როგორც პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა. დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის უფრო დამძიმებამდე, იღებს აუცილებელ ზომებს და, როგორც იცით, ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 24 საათიან რეჟიმში ემსახურება თქვენს ჯანმრთელობასა და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა ყველამ მოვისმინეთ.
ამ დროს მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და, მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ დაემორჩილოთ კანონს. მე, პრემიერთან ერთად, მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე კანონის აღსრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია.
"კანონმა, ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე.
ძალიან კარგად მესმის, და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო შესაძლოა, ვერ შეხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს. ამისათვის მინდა, მადლობა მოვახსენო მათ.
მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც - ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს.
შინ დარჩენილებიც, საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არამხოლოდ დღეს - დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც - როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს, და როგორც აქამდე სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით.
დაბოლოს, გველის ორი, სამი, თუ არა მეტი, უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა! დარჩით სახლში!" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.