გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - სავარაუდო ახალ ვადად 10 მაისი სახელდება. ამ საკითხზე პარლამენტში სხდომა ხვალ გაიმართება. სწორედ მაისის პირველ ნახევარში ელოდებიან მედიკოსები კორონავირუსის პიკს. ამიტომ, ვადის გახანგრძლივების გარდა, საუბარია ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზეც.
"პარლამენტის თანხმობა საჭიროა იმისთვის, რომ რაღაც პერიოდის მერე ამ გამოცხადებას ჰქონდეს უფრო მეტი ლეგიტიმაცია. საგანგებო მდგომარეობა წყვეტს თავის მოქმედებას, თუ პარლამენტი კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს," - განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ჟვანია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტის კოტე ჩოკორაიას განმარტებით, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, თავიდანვე მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული ტიპის შეზღუდვები.
"კონსტიტუციის თანახმად, მანამ სანამ პარლამენტი შეიკრიბება და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ანუ პრეზიდენტის მიერ ბრძანების გამოცემიდან, უბრალოდ თუ პარლამენტმა არ დაადასტურა საგანგებო მდგომარების გამოცხადება, მაშინ შეწყდება საგანგებო მდგომარეობა. თუ დაადასტურა, ჩვეულებრივ გაგრძელდება.
თუ გრძელდება, მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია იგივე საპარლამენტო განხილვის დროს, მკაფიოდ, პრეზიდენტის დეკრეტითვე იყოს განსაზღვრული კონკრეტული ტიპის შეზღუდვები და ის სამართლებრივი ხარვეზები, რაც დაშვებული იქნა დასაწყის ეტაპზე, იგივე არ გავიმეოროთ," - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.