18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
დიაგნოსტიკური პროგრამები ქვეყნის მასშტაბით უნდა გაფართოვდეს - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მკვლევარი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მიუხედავად გაფართოებული დიაგნოსტიკური პროგრამებისა, მტკიცებულებების დონეზე, ჯერჯერობით, მაინც ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა გავრცელება აქვს COVID 19-ს მთელ ქვეყანაში.

"არსებობს გარკვეული მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რამდენად ფართო არის გავრცელება ვირუსის, იგივე შიდა გადაცემის ხარისხი და ეს უფრო საიმედოა. ამ შემთხვევაში არის სიკვდილობის მაჩვენებლები, რომლებიც ფიქსირდება ქვეყანაში, არა მხოლოდ COVID 19-თან დაკავშირებული სიკვდილობის, არამედ ზოგადად სიკვდილობის, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომთან ან გრიპის სიმტომებთან და დიაგნოზთან იქნებოდა დაკავშირებული, რამდენად არის შეცვლილი წინა წლების ამავე პერიოდთან შედარებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საიმედო მახასიათებელი მაშინ, როდესაც პრინციპში ჯერჯერობით, მიუხედავად გაფართოებული დიაგნოსტიკური პროგრამებისა, ჯერ მაინც არ ვიცით, მტკიცებულებების დონეზე, რა გავრცელება აქვს ამ ვირუსს მთელ მსოფლიოში," - განაცხადა აკაკი ზოიზემ.

აკაკი ზოიძემ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მცირეა, თუმცა მისივე თქმით, არის ის შემთხვევებიც, რომლის წყაროებსაც მედიკოსებმა ვერ მიაგნეს. ზოიძის მტკიცებით, არის ინფექციის დაუდასტურებელი შემთხვევები, თუმცა მათი რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებზე მეტი არ უნდა იყოს. 

"ლოგიკაა, როდესაც ასეთი მცირე ციფრებია ზოგადად, რაღაც განსაკუთრებულ სტატისტიკურ ლოგიკას ვერ დაიჭერ ახლა აქ. აქ საუბარია ერთ რამეზე, რომ ამ შემთხვევაში ჩვენთან მცირე არის რიცხვი ზოგადად დადასტურებული შემთხვევების.

ნამდვილად არის ის შემთხვევები, რომლებსაც ვერ ვიჭერთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიდა გადაცემა და უცნობი წყაროები არ გვექნებოდა, მაგრამ მე იმ მონაცემებით, რაც დავიწყე საუბარი და გითხარით, ეს ერთია სიკვდილობა და მეორე გახლავთ ე.წ. სენტინალური კვლევების მონაცემები, რომლითაც გასული 1 თვის განმავლობაში კეთდებოდა შერჩევის და ალბათობის პრინციპით გრიპის დიაგნოზით, ან დიაგნოზთან მწვავე რესპირატორული ნიშნების ინფექციის მქონე ადამიანების სისხლის ნიმუშების ასე ვთქვათ ტესტირება, ასევე კორონავირუსზე და ჯერჯერობით, არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ე.წ. სენტინალური კვლევებით, რაც ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, არის უცნობი შემთხვევა, მაგრამ მათი რაოდენობა არ უნდა იყოს ჯერადად მეტი იმ შემთხვევებზე, რაც არის დადასტურებული," - განმარტა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ დიაგნოსტიკური პროგრამები ქვეყნის მასშტაბით უნდა გაფართოვდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ ინფექციაზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაიტესტოს.

"ბოლომდე ვერ გამოვავლენთ, გამორიცხულია ასეთი რამის გაკეთება. მოსახლეობას ყოველდღიურად ვერ დატესტავ, მაგრამ შეგიძლია იმსჯელო. დიაგნოსტიკა აუცილებლად უნდა გაფართოვდეს ამ შემთხვევაში, როგორც მეთოდი ბრძოლის, როგორც არის დიაგნოსტიკა, იდენტიფიცირება, იზოლაცია, კონტაქტების მოძიება ბოლომდე, მათი იზოლაცია. აი ეს არის ის მეთოდი, რაც არის შემოთავაზებული, რის გამოც ყველა ქვეყანა აფართოვებს დიაგნოსტიკურ პროგრამებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც მაქსიმალურად ბევრი დავტესტოთ," - ამბობს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი აუცილებლად მიიჩნევს, რომ შემუშავდეს გეგმა, რომელშიც გარკვევით უნდა ეწეროს კონკრეტული ზომის შერბილების ან გაუქმების შემთხვევაში რა დადებითი ღირებულება და უარყოფითი ეპიდემიოლოგიური შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს.

"გეგმა უკვე უნდა შემუშავდეს თუ რა შემთხვევაში, რა მაჩვენებლებზე, აქ ძალიან კონკრეტულად შეგვიძლია მივაბათ მაჩვენებლებიც, გვექნება ეს პიკი თუ არ გვექნება, ეს სპეკულაცია არის ჩემი აზრით, ამ ეტაპზე წმინდა წყლის.

ის, როდესაც გვაფრთხილებენ, რომ აი შეიძლება შემდეგი 2-3 კვირა კრიტიკული იყოს ეს ზოგჯერ სწორია იმიტომ, რომ ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული როგორი მრუდი იქნება. არ დაგვავიწყდეს იტალიისა და ესპანეთის შემთხვევა, სამხრეთ კორეის, სადაც ერთ დღეში მოხდა აფეთქება პრაქტიკულად, ერთ დღეში შეეცვალა სიტუაცია და სწორედ ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს ერთ დღეში და ამიტომ უნდა იყვნენ მოქალაქეები მაქსიმალურად გაფრთხილებულნი და დაიცვან მაქსიმალურად რეკომენდაციები.

მაგრამ გეგმა იმის, რომ როდის უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და როდის უნდა ნელ-ნელა შევამსუბუქოთ ზომები, რომლებიც ჩვენ მიღებული გვაქვს, აი ეს გეგმა უნდა იდოს და ამ გეგმაში უნდა გარკვევით ეწეროს, რომ ამა თუ იმ ზომის ეკონომიკური ღირებულება რა არის შერბილების ან გაუქმების, დადებითი ღირებულება და უარყოფითი ეპიდემიოლოგიური შედეგი რა შეიძლება, რომ მოგვცეს," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები