ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დეკლარაციას გამოეხმაურა.
"ამ ურთულეს პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მოხარული ვარ, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყანა შეთანხმდა პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის გაგრძელების საჭიროებაზე, ორგანიზაციის ღირებულებებისა და სტანდარტების შენარჩუნებით," - აცხადებს დავით ზალკალიანი, რომლის მიმართვაც ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული დეკლარაცია 2020 წლის 22 აპრილს, საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ონლაინ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს დაარსებიდან დღემდე, COVID 19-ის პანდემია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე კრიზისს და უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, ადამიანების, მათ შორის საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების ჯანმრთელობის დაცვისთვის, ყველა დონეზე, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ხელისუფალთა მხრიდან.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ სოლიდარობა და თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის გადამწყვეტია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო, განვითარების ბანკის (CEB) ჩათვლით, კრიზისის პერიოდში და მის შემდეგაც, წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განაგრძობს.