18 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ქვეყანაში პურის ფასი არ გაიზრდება, ამის წინაპირობა ბაზარზე არ არსებობს - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, ფასის სტაბილურობისთვის შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. 

“ჩვენთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ სოციალური ფონი მოსახლეობის რთულია კორონავირუსთან ბრძოლის შეზღუდვების პირობებში.

ამიტომ, ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე ინდივიდუალურ საწარმოებთან იმისთვის, რომ პურის ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასი ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა.

ეს გულისხმობდა ორ რამეს - ერთი დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას განსაკუთრებით ზოგიერთ აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში ხორბალს ეხება. ჩვენ მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქმნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა და მიიღონ სუბსიდირება, არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში, იყოს დაფიქსირებული. აქ ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ძირითადმა ენერგოკომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 10 თეთრით შეემცირებინათ ტარიფი საცხობებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იმისათვის, რომ პურზე ფასი შენარჩუნდეს. 

"შესაბამისად, წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს ბაზარზე არ არსებობს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   

დღის ამბები