18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
27 აპრილიდან გადაადგილებების მეტი საშუალება იქნება, რეალიზაციის პრობლემები მეტად მოგვარდება - ლევან დავითაშვილი ფერმერებზე

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ფერმერების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ეს ეტაპობრივად მოხდება.

"ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაცვა. ასევე ეკონომიკური ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გვიწევს გარკვეული კომპრომისი ეკონომიკასთან მიმართებაში," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში "რუსთავი 2"-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მთავრობის მიერ გადადგმულმა ქმედითმა ნაბიჯებმა ამ მომენტამდე მოგვიყვანა. საქართველოში მინიმალური ფატალური შემთხვევები გვაქვს. თითოეული შეზღუდვა გულისხმობს დამატებით დისკომფორტს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, მათ შორის დისკომფორტიც, რომელიც ფერმერებს გააჩნიათ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ეპედემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო შეზღუდვების დაწესების გარეშე.

სოლიდარობა არის ის აუცილებელი პირობა, რომ გვქონდეს წარმატება და ამ შემთხვევაში ფერმერები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებული კატეგორიაა და რომლებიც არიან ჩემი სფეროს წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები, რა თქმა უნდა, იქნებიან სოლიდარულები, დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად. რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ, რომ ეს არ არის ყველაზე კომფორტული პერიოდი მათ ცხოვრებაში. ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში, მაგრამ გამოსავალი არის თანამშრომლობაში.

27 აპრილიდან ეტაპობრივად მოხდება გარკვეული მობილობის გაზრდა, ამაზე ხვალ პრემიერს პრეზენტაცია ექნება. რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები დაკავშირებულია მობილობასთან, რომელიც ნელ-ნელა გაიხსნება. 27 აპრილიდან მეტი საშუალება იქნება გადაადგილებების. რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგვარდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს ჰქონდეთ სარეალიზაციო არხები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელზეც ადრეც გვქონდა საუბარი.

ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მხოლოდ რამდენიმე ქსელი შეძლებს მიწოდების საკითხის გადაწყვეტას, რა თქმა უნდა ჩვენ მეტი მობილობა გვჭირდება, ეს ყველაფერი კომპლექტში რეალურად მდგომარეობას შეუმსუბუქებს ფერმერებს. დღითიდღე ეს სიტუაცია კიდევ უფრო მოგვარდება, კიდევ უფრი ნაკლები წნეხი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები