აქვს თუ არა ქვეყანას და ჯანდაცვის უწყებას ვირუსთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის უწყების ყველა ნაბიჯი საჯაროა და უწყება ღიაა ახალი მოსაზრებების და რჩევების მისაღებადაც.
ამასთან ეკატერინე ტიკარაძემ იმ აზრთა სხვადასხვაობაზეც ისაუბრა, რომელიც საზღვარგარეთ მომუშავე ქართველ ექიმებსა და ადგილობრივ ექიმებს შორის არსებობს და განაცხადა, რომ დაპირისპირების და დესტრუქციის დრო არ არის:
"ჩვენ ეტაპობრივად ვასაჯაროებთ ყველა იმ კომპონენტს, რომელი ღონისძიებაც იმ პერიოდისთვის არის გასატარებელი. ვინაიდან, როგორც ზოგადად არის ეს ცნობილი, ყველა ინფორმაციას სჭირდება გარკვეული განახლება და მისი ადაპტაცია მოცემული მომენტისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ საკმაოდ ღია კომუნიკაციაში, არ ხდება არცერთი ფაქტის დამალვა, აქედან გამომდინარე მე არ ვთვლი, რომ ეს დოკუმენტები არ უნდა იყოს საჯარო, პირიქით სხვადასხვა ილუსტრაციებით ვცდილობთ გავასაჯაროოთ ჩვენი ქმედებებიც, რომ ეს იყოს უფრო მეტად აღქმადი და არ იყოს სირთულეები.
ჩვენ არ ვთვლით, რომ დრამატულ შეცდომებს ვუშვებთ, ვინაიდან ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნები ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან და ჩვენ ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით მივიღეთ ის შედეგები, რომელიც მივიღეთ და ვთვლი, რომ მთავრობის მხრიდან ამ ყველაფრის გასაჯაროება მხოლოდ დადებითი და პოზიტივია. თუ აქ არის შეცდომები ამასთან დაკავშირებითაც უნდა გამოვეხმაურო, კორონავირუსი ეს გახლავთ იმდენად გლობალური გამოწვევა, რომ აქ დაპირისპირების მიზეზი სრულიად გაუგებარია ჩემთვის, აქ უნდა იყოს ერთობლივი და ურთიერთდახმარების ნაბიჯი, ჩვენ ღია ვართ. დაპირისპირება და დესტრუქცია არის მიუღებელი, ეს დიდი გამოწვევაა, როგორც სამთავრობო გუნდისთვის, ისე ჯანდაცვის სექტორისთვის,"-- განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი იმ კრიტიკულ მოსაზრებებზეც გააკეთა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლების რაოდენობასთან დაკავშირებით კეთდებოდა. ოპონენტები ჯანდაცვის სფეროს, დროის სხვადასხვა მონაკვეთში საწოლების სხვადასხვა რაოდენობის დასახელების გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ რეალურად არაა ცნობილი, რამდენი საწოლის საშუალება აქვს ჯანდაცვას კორონავირუსის კრიზისის პერიოდში
"საწოლები განსხვავდება თავიანთი თვისობრიობით, არის საწოლფონდი, რომელსაც მართავენ რეანიმატოლოგები, არის საწოლფონდი, რომელსაც მართავენ ინფექციონისტები და არის საწოლფონდი, რომელსაც მართავენ თერაპევტები და ოჯახის ექიმები. აქედან გამომდინარე ჯამური რიცხვი არის სხვა, მაგრამ ასევე თუ ჩვენ ჩავალთ დეტალებში მათი რაოდენობა განსხვავდება, 900 და 1200 საწოლი ნაგულისხმევია კრიტიკული პაციენტების სამართავად, არიან პაციენტები, რომლებიც შედარებით მსუბუქად გადაიტანენ ამ ინფექციას და მათი საწოლების რაოდენობა არის სხვა და ასევე არიან პაციენტები, რომლებიც იქნებიან იზოლაციაში და შეიძლება იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ კარანტინში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენ ამ საწოლი ფონდის მობილიზაციაზე და რესურსზეც გვაქვს ნაზრუნი.
პროფესიონალები, რომლებიც ამ ყველაფერს ინტერპრეტაციას უკეთებენ ძალიან კარგად იციან, რომელ საწოლ ფონდს როდის ვგულისხმობთ. ვურჩევდი, რომ ინტერპრეტაციებიდან თავი შევიკავოთ, ეს არაა მხოლოდ ამ სამთავრობო გუნდის და "ქართული ოცნების" გამოწვევა, დესტრუქციის დრო არაა,"- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.