ოპოზიციამ საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორს ღია წერილით მიმართა. წერილი 27 ხელმომწერით ღიაა და კონკრეტული, თუმცა ერთი კონკრეტული ადრესატის გარეშე.
მას შემდეგ, რაც დიალოგის ხანგრძლივი პროცესი დასრულდა, დავა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებზე მაინც გაგრძელდა. სწორედ ისინი არიან წერილში მთავარი ფიგურები, მათი საპატიმროებში ყოფნა კი, ოპოზიციის წერილის მიხედვით, შეთანხმებისთვის ხელშემშლელ ფაქტორად რჩება. ამიტომ, ძალისხმევა რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს, პანდემიის მიუხედავად, დასავლეთს მოუწოდებენ ხელისუფლებას მიღწეული შეთანხმებების შესრულება შეახსენონ.
პასუხი ჯერ არ მოსულა, თუმცა ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის მისჯილ 5 წლიან ვადას ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოები მალევე გამოეხმაურნენ, ოპოზიციისთვის იმის ნიშანია, რომ დასავლეთის ყურადღების მიღმა არაფერი რჩება - მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველა სახელმწიფოს მთავარი საფიქრალი გლობალური პანდემიაა. საპარლამენტო ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ზეწოლა დასავლეთიდან იქნება.
საპარლამენტო ოპოზიცია აქამდეც ამბობდა, რომ 120-30-ზე საარჩევნო პრინციპზე შეთანხმება უკვე საბოლოო კენჭისყრაზე არ იქნებოდა გადამწყვეტი, თუ ხელისუფლება შეთანხმების დანართს არ გაითვალისწინებდა, რომელიც მართლმსაჯულებას ეხებოდა და ინტერპრეტაციების საფუძველიც გახდა. იმავეს ფიქრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. აქ უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებით საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხეს უქმნის და არჩევნების თარიღის ცვლილებასაც არ გამორიცხავს.
ხელისუფლება ოპოზიციის ბრალდებებს ასე ხედავს - მათ სხვა გზა აღარ აქვთ, გარდა ე.წ. პოლიტპატიმრებზე სპეკულაციის, რომლებიც, მათი თქმით, არ არსებობენ.
"ქართული ოცნება" დღეს გამოეხმაურა საარჩევნო ვადასთან დაკავშირებულ ეჭვებსაც, რომელიც უსაფუძვლოდ მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ეს მმართველი პარტიის ინტერესშია, რომ გეგმა უცვლელი დარჩეს და კანონპროექტის განხილვები უკვე ივნისისთვის მოესწროს.