საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, თბილისის მერმა კახი კალაძემ მცირე მოხსენება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის, როგორც ქალაქის მერი, სრულ მზადყოფნასა და მხარდაჭერას გამოთქვამს უკვე არსებული გეგმის ფარგლებში.
კახა კალაძემ ორშაბათიდან შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მეტი სიფრთხილე გვმართებს.
"დღეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პაკეტი იყო წარდგენილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში ვიმყოფებით ორი მიმართულებით. ერთია კორონავირუსთან ბრძოლა და მეორე არის - არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.
ამ ვითარებაში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან. წარმოდგენილი იყო გახსნითი ღონისძიებების რამდენიმე ეტაპი, ამის გათვალისწინებით, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა გავთამამდეთ,"- აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა პრემიერს წარმოდგენილი გეგმის ნაწილში სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.
"მე, როგოც ქალაქის მერი, გიდასტურებთ მხარდაჭერასა და თანადგომას ამ საქმეში, ჩვენ მზად ვართ, გვაქვს სრული ბაზები იმ ადამიანების, რომლებსაც სოციალური დაუცველის სტატუსი აქვთ და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
ასევე, მზად ვართ, განვახორციელოთ მენეჯმენტი და როდესაც გადაწყვეტილება მზად იქნება, დავიწყოთ პროექტის განხორციელება.
რაც შეეხება აქამდე დაწესებულ შეზღუდვებს, ვიტყოდი, რომ ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან საუბარია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.