პრემიერ-მინისტრმა, ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მან პენსიონერთა დახმარების ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მომდევნო წლიდან პენსია გაეზრდებათ და გარდა ამისა, ის პენსიონერი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ჯგუფში შედის, პენსიასთან ერთად მათთვის გამოყოფილ დახმარებასაც ჩვეულებრივად მიიღებს.
"ჩვენი ძირითადი მიდგომაა, რომ სოციალურად აღრიცხვად ჯგუფებს გავუწიოთ დახმარება და ეს ისე გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური რაოდენობა მოვიცვათ. პენსიონერების ნაწილში, ის გადაწყვეტილებები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე იქნება შეტანილი და რომლებიც 2021 წლის იანვრიდან ამუშავდება.
ჩვენს ბიუჯეტში პენსიების ზრდა უკვე გათვალისწინებულია, ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ, ზოგიერთივით შემეძლო ეს მეორედ მეთქვა, თუმცა ეს არ გავაკეთე მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ, ბევრი დაანონსებული რამ, მათ შორის ხელფასების ზრდა - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გავაუქმეთ ან გადავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში.
როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება -4 და საბიუჯეტო შემოსავლები შეგვიმცირდება მილიარდ 800 მილიონი ლარით - ეს პროგნოზია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე განხილულია. მაგრამ არავინ იცის ეს ციფრები იქნება უფრო მძიმე ბიუჯეტისთვის თუ არა. ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით. ამიტომ, პენსიონერებთან დაკავშირებით, ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს პენსიის ზრდით, ეს ყველაფერი შენარჩუნდება. ეს არის, პენსიონერების, როგორც ცალკე აღებული სოციალური ჯგუფის დახმარების პაკეტი. გარდა ამისა, პენსიონერები, რომლებიც იმ ჯგუფებში მოხვდებიან, რომლებიც სოციალურად დაუცველებს მიეკუთვნებიან, რასაკვირველია მათაც შეეხებათ ის დახმარება, რომელიც სოციალურად დაუცველებს აქვთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.