დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას მაისიდან მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დახმარება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და კონკრეტული ფიზიკური პირი ჯამში 1 200 ლარს მიიღებს.
"ეს არის სახელმწიფო დახმარება მიზნობრივი, სოციალური, კონკრეტული მოქალაქის, კონკრეტული ფიზიკური პირისთვის. ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო დაკარგა." -ამბობს პრემიერი.