ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, 1 200 ლარიანი დახმარება, რასაც მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს სთავაზობს, იმ ეკონომიკის ზომასთან შედარებით, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, საკმაოდ სოლიდური პაკეტია.
ივანე მაჭავარიანის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას რომ გადავხედოთ, არც ერთ მათგანს არ აქვს პრიორიტეტად, რომ პანდემიის პირობებში დაკარგული შემოსავალი სრულად აანაზღაუროს.
"1 200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია ვიცით, რომ თვეში 200 ლარი - ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში ახლა რომ გადახედოთ, არა აქვს იმის მიზანი, რომ სრულად ანაზღაურდეს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა.
ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 200 აშშ დოლარი დაურიგოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც რაღაც კონკრეტულ შემოსავალს აკმაყოფილებს. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ და ფასების კუთხით გავაკეთოთ პარიტეტი, პრაქტიკულად იმავეს ვიძლევით, რაც ამერიკის შეერთებული შტატები.
თუ გინდ დავანებოთ თავი ამ ნაწილს, ამ პარიტეტს და ვთქვათ, რომ ისინი სამჯერ მეტს იძლევიან დაახლოებით. მხოლოდ სამჯერ მდიდრები არიან ჩვენზე, სამჯერ მეტი აქვთ ჩვენზე ეკონომიკა? მინიმუმ 50-ჯერ დიდია ხომ, ერთ სულ მოსახლეზე იქ შემოსავალი, ვიდრე ჩვენთან?!
შესაბამისად, ამ კუთხით, ჩვენ საკმაოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს იმასთან შედარებით თუ რა ზომის ეკონომიკა და რა შესაძლებლობები გვაქვს," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.