ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის სტატიას აქვეყნებს.
ვახტანგ მახარობლიშვილის სტატიაში საქართველო და პანდემია - მზადება უარესისთვის, უკეთესის იმედით! საუბარია იმ ნაბიჯებზე რომელიც საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში იდგმება.
"საქართველოსთვის არ არის უცხო განსაცდელი. COVID-19-მა მძიმე და უპრეცენდენტო ტესტის წინაშე დააყენა ჩვენი კრიზისების მართვისა და კოორდინაციის სისტემები. თუმცა ჩვენ შევძელით ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილება, ათასობით მოქალაქის რეპატრიაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია და საზოგადოების ნდობის შენარჩუნება. დღეისათვის, ქვეყანაში 408 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის 5 გარდაცვლილი. 5,015 ადამიანი 14-დღიან სავალდებულო კარანტინში იმყოფება, ხოლო 584 პაციენტი საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
საქართველოს ლუგარის ლაბორატორია, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის გლობალური ქსელის ნაწილია, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სტრატეგიულ საშუალებად იქცა. ლუგარის ლაბორატორია, რომელიც 2013 წლიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი დონის სამედიცინო ლაბორატორიას წარმოადგენს. საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში მის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ლაბორატორია წლების მანძილზე უსაფუძვლო ბრალდებების და დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენს.
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებამდე, მთავრობამ მიიღო მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები. ჯანდაცვის ორგანოებმა მიიღეს შესაბამისი პროტოკოლები, ჩატარდა სიმულაციური მომზადება, მობილიზებულ იქნა სამედიცინო აღჭურვილობა და პერსონალი. ლუგარის ლაბორატორია მომზადდა კორონავირუსის ტესტირებისათვის. პრემიერ-მინისტრის მიერ შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც ეტაპობრივად შეაჩერა პირდაპირი ფრენები მაღალი რისკის ქვეყნებიდან და აეროპორტებში შესაბამისი ზომები დააწესა. დაავადების პირველი შემთხვევის დადასტურებისთანავე, პრევენციის მიზნით დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, შეიქმნა საკარანტინო ზონები, დაიხურა სათხილამურო კურორტები, განხორციელდა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ჩინეთიდან და იტალიიდან. მოხდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების დეცენტრალიზაცია. დაიხურა საზღვრები, ასევე მაღაზიები და რესტორნები, რაც საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა საქართველოს 7000 მოქალაქე დააბრუნეს სამშობლოში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ეპიდემიოლოგები აკვირდებოდნენ ყველა პაციენტის შესაძლო კონტაქტებს და საზოგადოებას დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან მიმდინარე მოვლენებზე. დაუდგენელი წყაროს გაჩენამ გამოიწვია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა და ადგილზე, სრულად მოსახლეობის სკრინინგი. ამ პროცესებს ხელმძღვანელობდნენ ჯანდაცვის პროფესიონალები და არა პოლიტიკოსები.
ამ ღონისძიებათა პარალელურად, მთავრობა ახდენს ეკონომიკის ხელშეწყობას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის, გადასახადების გადავადებით, თანხების მიზნობრივი გამოყოფითა და საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებით.
გარდა ამის, საქართველო "ინფოდემიას" გამოწვევის წინაშეც დადგა, რაც გამოიხატება საზოგადოებაში უნდობლობის და პანიკის დათესვის, ასევე, მთავრობის ქმედებათა დისკრედიტაციის მცდელობაში. რუსეთის მხარდაჭერილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მთავრობებმა მოუწოდეს საქართველოს არ გაევრცელებინა ვირუსი "მათ მოსახლეობაში". ზოგიერთი სახელმწიფოებრივი ქმედება აღქმულ იქნა, როგორც დისკრიმინაცია ეთნიკურ უმცირესობების მიმართ. რუსული მედია აგრძელებს საქართველოს ეკონომიკის დისკრედიტაციას და დასავლეთის კრიტიკას პანდემიასთან ვითომ უშედეგო ბრძოლაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადანაშაულა ლუგარის ლაბორატორია დაავადებათა შექმნაში, როგორც აშშ-ს მიერ წარმოებული ბიოლოგიური ომის თანამონაწილე. მსგავსი განცხადებები ემსახურება საზოგადოებაში სასოწარკვეთილების და უიმედობის გაღვივებას. ასევე, მთავრობისა და მისი საგარეო პოლიტიკის მიმართ უნდობლობის დათესვას.
საქართველომ მოახერხა ამ თავდასხმების წინააღმდეგ ეფექტიანი კრიზისული კომუნიკაციის დაპირისპირება. სახელმწიფო ზომებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ყოველდღიური ბრიფინგების გარდა, თავად ჯანდაცვის სპეციალისტები აწვდიან მოქალაქეებს ინფორმაციას პანდემიის შესახებ. პროფესიონალიზმი და ღიაობა იცავს კომუნიკაციას პოლიტიკური სპეკულაციისაგან და აძლიერებს მისი სანდოობა. 112 საგანგებო სატელეფონო ხაზთან ერთად, მთავრობამ დამატებითი ცხელი ხაზები გახსნა მოქალაქეების დასახმარებლად. ვებგვერდი https://stopcov.ge/en, რომელიც ამჟამად მუშაობს ხუთ სხვადასხვა ენაზე - აფხაზური, სომხური, აზერბაიჯანული, ინგლისური და ქართული - უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ გავრცელებას.
ჩვენი პასუხი არა მხოლოდ მთავრობის ერთიანი მიდგომა, არამედ საზოგადოების ერთობლივი ჩართულობაა. გაჭირვებულთა დასახმარებლად, ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციას ჩაეყარა საფუძველი. ამავდროულად, ბიზნეს წრეების მაღალმა სოციალურმა პასუხისმგებლობამ, ხელი შეუწყო კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ StopCov-ის ფონდში თანხის აკუმულირებას, სადაც დღეის მონაცემებით, 128 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა (38 მილიონი ევრო). საწარმოებმა ოპერატიულად შეცვალეს მათი წარმოების ხაზი და დაიწყეს სახის ნიღბებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დამზადება ქვეყნისთვის.
პანდემია არ ცნობს საზღვრებს, სიმდიდრეს, რელიგიურ, ეთნიკურ და ეროვნულ კუთვნილებას. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ძალისხმევაც მიმართული იყო პანდემიის შეკავებისა, შენელებისა და შემცირებისკენ, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, დაიცვას სამოქალაქო თავისუფლებები და შეასუსტოს ვირუსის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ჯანდაცვის სიტემა კვლავაც წნეხის ქვეშაა, ხოლო პანდემიის ფინანსური შედეგები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ვამაყობთ ჩვენი წარმატებით და იმავე შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას,"- აღნიშნულია სტატიაში.