საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს "საქართველოს დიპლომატთა კლუბი" ეხმაურება და ქვეყნისთვის საზიანოს და უპასუხისმგებლოს უწოდებს:
"ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა - ერთი მხრით, პანდემია, ეკონომიკური სიდუხჭირე, პოლიტიკური კრიზისი. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ჩამოქცევის ზღვარზეა, ხოლო ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დევნით. არგუმენტაცია და შეფასებები სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას იდენტური აქვთ. ეს ხდება საქართველოში უმაგალითო გაჭირვების და რეალურად სახელმწიფოებრიობის გადარჩენა-არგადარჩენის ფონზე.
მაშინ, როდესაც საქართველოში ბატონობს ძალადობა, კორუფცია, ჩამოშლის პირასაა ეკონომიკა, უამრავი ადამიანი შიმშილობს, ციხეებში გამოკეტილია პოლიტიკური პატიმრები, თავისუფალი სამყარო "ოცნების" ხელისუფლებას აღარ აღიქვამს სრულფასოვან პარტნიორად, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი და მისი გუნდი უტევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უკრაინას - მიმდინარეობს საუბარი შანტაჟისა და მუქარის ენით. ასე ექცევიან იმ ქვეყანას, რომელსაც, უმძიმეს წუთებშიც კი, არასდროს უღალატია საქართველოსთვის. ასე ელაპარაკებიან ქვეყანას, რომელსაც უმძიმესი დაპირისპირება აქვს რუსეთთან - საქართველოს და უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ნაწილების ოკუპანტთან.
ასეთი განცხადებები უაღრესად საშიში და მიუღებელია, ასეთი გამოხტომები აზიანებს საქართველოს ისედაც შელახულ საერთაშორისო იმიჯს და გვიქადის მეტ გართულებებს ჩვენს პარტნიორებთან. საქართველოს ხალხის მისწრაფება ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ საერთაშორისო პოლიტიკურ კონცეფციაში გადაბმულია უკრაინასთან. საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელი პოზიცია აზიანებს ამ მისწრაფებას, ამ აუცილებელ ერთობას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას კარგად გააცნობიეროს თუ რასთან აქვს საქმე. თავი შეიკავეთ და შეეშვით გაუაზრებელი, ქვეყნისათვის საზიანო განცხადებების გაჟღერებას," - აღნიშნულია განცხადებაში.