საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პროპაგანდა რეაგირების გარეშე არ დარჩება.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ მძიმეა. ეს განსაკუთრებით ეხება ცხინვალის რეგიონს, სადაც უკვე მერვე თვეა გადაკეტილია გადასასვლელები, რაც ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგორის რაიონს. არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის დესტრუქციული ქმედებები - რამდენიმე დღის უკან მათ განაახლეს ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესი. ამასთან, კიდევ უფრო ძლიერდება რუსული პროპაგანდა - ერთი მხრივ, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ხდება საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს საქართველო ახდენს ვითარების ესკალაციას," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოხდეს ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა.
დარსალიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართულია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისადმი, რუსეთი ცდილობს შექმნილი ვითარება გამოიყენოს საკუთარი დესტრუქციული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად.
"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი ასეთი ფაქტი და მოხდეს სათანადო რეაგირება რუსეთის შესაკავებლად. ხაზი მინდა გავუსვა არსებული ვითარების ფონზე იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც საქართველოს ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან," - აღნიშნავს ლაშა დარსალია.