18 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ქვეყანაში ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელახლა დაწესდეს და ამოქმედდეს შეზღუდვები. ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია და წესი, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.

"გეგმა, რომელიც წარდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის მხრიდან, იყო თანმიმდევრული და მას გააჩნდა რამდენიმე ეტაპი, რომელშიც გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა ხაზგასმით იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე - ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ჩვენს ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მათ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და საკუთარ წრეს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თითოეულ მიმართულებაზე კვირის განმავლობაში დარგობრივი სამინისტროები პრეზენტაციებს წარადგენენ.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა წარმოდგენილი, არის საკმაოდ ფართე და ყოველ თითოეულ მიმართულებაზე და სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ ანტიკრიზისულ გეგმაში არის გათვალისწინებული.

მათ შორის, რა თქმა უნდა, თუ როგორ უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა დახმარების მისაღებად, რომელიც არის გათვალისწინებული ამ ეკონომიკური და სოციალური გეგმის ფარგლებში და ასევე, გათვალისწინებული იქნება და იქნება განმარტებები, თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა აქტორებმა, ბიზნესებმა იმ შეღავათებით და შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები