18 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული, მარაგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ხორბლის ფასი კონტროლირებადია.

დავითაშვილის თქმით, ხორბლის მომარაგებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

"რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიოში ხორბლის ნომერი პირველი ექსპორტიორის მიერ ამოქმედებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომ მათ მიერ გამოყოფილი კვოტა, რომელიც 7 მილიონ ტონას განსაზღვრავდა მარცვლეულ კულტურებზე, ფაქტობრივად ამოწურულია და, შესაბამისად, პირველ ივნისამდე მათ ექნებათ შეზღუდვები ხორბლის და სხვა მარცველული კულტურების ექსპორტთან დაკავშირებით. აქ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა იყოს შეუფერხებელი. საქართველოში პურის ფასები არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული და ქმედითი მექანიზმები მუშაობს იმისათვის, რომ ეს ჩვენს მოსახლეობას დამატებით ტვირთად არ დააწვეს. ასევე, ფიზიკურად ხორბლის მარაგების არსებობის შესახებ კითხვის ნიშნები არ დასმულა," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები პოპულისტურ განცხადებებს ავრცელებენ და "ფერმერების გრძნობებით მანიპულირებენ."

დღის ამბები