18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პროცედურებს განმარტავს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს პროცედურებს, თუ როგორ მიიღებენ დასაქმებულები და თვითდასაქმებულები მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარებებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოქალაქეები რომელიც არიან აღრიცხულნი, მათთვის დახმარების გაცემა მარტივად მოხდება.

"დასაქმებულების შემთხვებაში ძალიან მარტივი პროცესია. უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს არ სჭირდებათ არავითარი დამატებითი რეგისტრაციის გავლა. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სიების საფუძველზე მოხდება ავტომატურად გადარიცხვა," - განაცხადა ბარკალიამ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ბარკალიას თქმით, შეიქმნება სპეციალური პორტალი, სადაც მოქალაქეები ატვირთავენ საკუთარ მონაცემებს.

ბარკალია ამბობს, რომ აუცილებელია თვითდასაქმებულმა უნდა  წარმოადგინოს იურიდიული პირის მიერ  დადასტურებული დოკუმენტი.

"თვითდასაქმებულის შემთხვევაში არის ორი სისტემა: პირველი - თვითდასაქმებულები, რომელებიც არიან აღრიცხულები და რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში. ამ ადამიანების შემთხვევაში, პროცესი გამარტივებულია. ონლაინ პორტალი, რომელზეც ახლა მუშაობს ჩვენი სამინისტრო, უახლოეს მიმავალში დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. ამ ონლაინ პორტალზე  აღნიშნულ პირებს დასჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ანგარიშისა და პერსონალური მონაცემების მითითება.  საბანკო ანგარიში იქნება საკმარისი,  რომ მათ მიიღონ შესაბამისი დახმარება.

რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, ამ შემთხვევაში პროცესი უფრო რთულია. იგივე ონლაინ პორტალზე ამ პიროვნენებს დასჭირდებათ მათი პირადი ინფორმაციის  დარეგისტრირება, ასევე ბანკის ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, ინფორმაცია, თუ რა ტიპის დასაქმებას ეწეოდნენ ისინი და რა ტიპის შემოსავალი ჰქონდათ მათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საკმარისი იქნება ნებისმიერი ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. მაგალითვისთვის, ეს შეიძლება იყოს სასურსათო მაღაზიიდან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ის იბარებდა კონკრეტული მცხობელის მიერ გამომცხვარ  პროდუქციას. ასევე, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომ დახლი იყო გაცემული მოქალაქეზე. ეს არის რამდენიმე მაგალითი, რა შეიძლება იყოს ჩათვლილი და რომლის ატვირთვაც იქნება ონლაინ პორტალზე საჭირო," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ბარკალაიამ განაცხადა, ადამიანები, რომელებიც ფიზიკურ პირთან მუშაობენ, დახმარებას ვერ მიიღებენ.

"ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ  ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში, თუ მძღლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ  შემთხვევაში ლიცენზია  იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი," - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

ბარკალაიას თქმით, რეგისტრაციის გარდა, აღნიშნულ პირებს, შეუძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს მიმართონ.

გარდა ამისა, როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, თვითდასაქმებულებისთვის დახმარება დაახლოებით 20 მაისისთვის გაიცემა. ასევე,  მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი დასაქმებულებისთვის დახმარების გაცემა.

დღის ამბები