დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, მისი ვალდებულება შეასრულოს და კომპანია "ფრონტერას" ყოფილ თანამშრომლებს ის კომპენსაცია მაინც მისცეს, რომელიც სამსახურდაკარგულ ადამიანებს ეკუთვნით.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ამერიკის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს რამდენიმე თვის წინ მიმართა კომპანია "ფრონტერას" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მისი წერილის მიზანი იყო როგორც კომპანიის ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელმწიფოს მიმართ, ასევე განსაკუთრებით ის დამოკიდებულება, რომელიც კომპანიამ თავისი დასაქმებულების მიმართ გამოიჩინა, როცა მათ 11 თვის ხელფასი არ გადასცა.
"მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც უფლებამოსილ პირს, შესულიყო კომპანიის მართვაში რამდენიმე თვით ადრე და შესაბამისად, მოეხდინა ამ ადამიანების აღდგენა სამუშაო ადგილებზე და ხელფასების გადახდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, გარდა ამისა, დღეს იცით, რომ დასრულდა დავა "ფრონტერასა" და სახელმწიფოს შორის სახელმწიფოს გამარჯვებით საერთაშორისო არბიტრაჟში. მიუხედავად ამისა, დღეს ამ ადამიანებს კომპენსაცია არ მიუღია," - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.