მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში კარანტინის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მან დეტალურად განიხილა, რა შეზღუდვები მოიხსნა 27 აპრილის შემდეგ და ჯერ კიდევ რა ეკრძალებათ მოქალაქეებს.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ორი დღით საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და რუსთავში. მიზეზად კი შს მინისტრის მოადგილემ მოსახლეობის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილება დაასახელა.
"27 აპრილიდან, გარკვეულ შეზღუდვები, რომელიც მთავრობას დაწესებული ჰქონდა, მოიხსნა. ეს ძირითადად შეეხო სამ შეზღუდვას. ანუ 27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება. ორი დღით - 27 და 28 აპრილს, იმ ქალაქებში სადაც შესვლა და გასვლა იყო აკრძალული, ეს გახლდათ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, დაშვებული იქნა საქალაქთაშორისო მიმოსვლა ერთადერთი მიზნით, არსებობდა საზოგადოების გარკვეული ნაილის უკმაყოფილება, რომლებიც შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ჩარჩნენ ამ ქალაქებში. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით დაუშვა მთავრობამ მოხნა აღნიშნული შეზღუდვა ორი დღის ვადით.
მოგეხსენებათ, კომენდანტის საათი რჩება ძალაში, საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე გადაადგილება კვლავ აკრძალულია და ზოგადად ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია საგანგებო მდგომარეობის ვადით რჩება ძალაში. არ არის ძალაში მხოლოდ ის შეზღუდვები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და კონკრეტულად ვთქვით, რომ გარკვეული შეზღუდვები მოვხსენით," -განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, 27 აპრილის შემდეგ სრულად არის აღდგენილი ონლაინვაჭრობა და აგრარული ბაზრების ფუნქციონირება. თუცა მან აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა სოციალური შეზღუდვების მოხსნას არ ითვალისწინებს და ყველა მოქალაქე და მეწარმე ვალდებულია, რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, მეწარმე სუბიექტებს ახსოვდეთ ერთი რამ, რომ ჩვენ ეკონომიკური გახსნის გეგმა წარმოვადგინეთ და ეს არ ეხება სოციალური ცხოვრების გახსნას, იმიტომ რომ მთელი შეზღუდვები ორიენტირებულია დისტანციის დაცვაზე, მობილობის შემცირებაზე, გარკვეულწილად მნიშვნელოვანი შეზღუდვები რჩება ძალაში. რაც შეეხება, ხვალიდან რა შეზღუდვები მოქმედებს, დღეის მდგომაროებაში დაკეტილია სასაფლაოები და ამაზეც შესაბამისი განცხადება გაკეთდა . ხვალიდან, მანამ სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, ის ოთხი ქალაქი, რაზეც წეღან ვსაუბრობდი ისევ იქნება დაკეტილი. ქალაქებში შესვლა და გასვლა იქნება აკრძალული. იმოქმედებს კომენდანტის საათი,“ - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუკი მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დადგენილ წესებს, ამას, შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულება მოჰყვეს და მთავრობის მიერ წარმოდგენილი 6-ეტაპიანი გეგმა იმ თანმიმდევრობით ვერ ამოქმედდეს, როგორც ეს არის გაწერილი.
"ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა მომდევნო პერიოდის ამოქმედება დამოკიდებულია წინა პერიოდის წარმატებულობაზე. მოქალაქეებსაც ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, ისევე როგორც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებლებს. მიუხედავად იმის, რომ მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის, თუ ამითი სარგებლობა არ გვჭირდება და გადაუდებელი უკიდურესი აუცილებლობა არ არს, ჯობია რომ სახლში დავრჩეთ,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.