18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
კადრები უხანიდან, რომლის გამოქვეყნების შემდეგ ჩინელი ბლოგერი გაუჩინარდა - მალავს თუ არა ჩინეთი რეალურ სტატისტიკას

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 3 მილიონს გადააჭარბა, მათგან ერთ მილიონზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ტესტირების მასშტაბები იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დადანაშაულებას განაგრძობს. დღეს ჩინეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. 

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელიც უხანში კორონავირუსის გავრცელების რეალურ შედეგებს ასახავს. ვიდეოს ავტორი ადგილობრივი ბლოგერი ფანგ ბინია, რომელიც კადრების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

ბრალდებას ბრალდებით პასუხობს ჩინეთი, თუმცა, უპასუხოდ რჩება უხანის ლაბორატორიიდან გაუჩინარებული ექიმისა და ადგილობრივი ბლოგერების საკითხი. ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას, ეპიდემიის პრევენციისთვის მიღებული სუსტი ზომების გამო და საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

თუკი შეერთებული შტატები და ჩინეთი პანდემიის წარმოშობის მიზეზებზე დაობენ, მანამდე ევროპის სახელმწიფოები კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების შემსუბუქებაზე მუშაობენ. გერმანიის მასშტაბით სხვადასხვა შეზღუდვის მოხსნა უკვე დაიწყო, თუმცა პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა. გასულ დღესთან შედარებით, ფატალური შემთხვევების ზრდა ფიქსირდება იტალიასა და საფრანგეთშიც, თუმცა კვლავ მცირდება ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.

პანდემიას ებრძვიან საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. კოვიდინფექცია დაუდასტურდა რუსეთის თავდაცვის ძალების 2 ათასზე მეტ წარმომადგენელს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი კი აცხადებს, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა ის სასულიერი პირი, რომელიც კორონავირუსის გამო შემოღებულ საკარანტინო ზომებს დაარღვევს.

პანდემიის გამო თურქეთის 31 ქალაქში სამდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდება. რაც შეეხება სომხეთს, ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშიანიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიზისული პერიოდი 1 წელი შენარჩუნდება.

სომხეთის პრემიერის მსგავსად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის მსოფლიო სოლიდარობაა აუცილებელი.

დღის ამბები