ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი დაწყებულია, თუმცა თანხების გაცემა ჯერ არა. მათთვის ვინც უხელფასოდ დარჩა კომპენსაციის ათვლა აპრილიდან დაიწყება. რაც შეეხება საშემოსავლო შეღავათებს, მისი 6 თვიანი ათვლა მასიდან იწყება.
ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს, როგორც სოციალურ დახმარებებს, ასევე სახელფასო კომპენსაციებსაც.
სახელფასო კომპენსაციების ბენეფიციარებს ფინანსთა სამინისტრო 3 კატეგორიად ჰყოფს: დაქირავებულები, რომლებიც მუშაობენ, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი და თვითდასაქმებულები.
პირველი კატეგორია აერთიანებს დაქირავებულებს, რომლებიც მუშაობენ, ისინი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, ეს ეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. მიზანი, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ხელფასის და სამუშაოა ადგილების შენარჩუნებაა. თითოეულ სამუშაო ადგილზე საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა 150 ლარია. საშეღავათო პერიოდის ათვლა პირველი მაისიდან დაიწყება და 6 თვე გაგრძელდება.
რაც შეეხება მეორე კატეგორიას აქ შედიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვეღარ იღებენ შემოსავალს, და რომლებსაც 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც აუღიათ ხელფასი, სხვა თვეებში კი შეუწყდათ. ამ ჯგუფისთვის 1200 ლარია გამოყოფილი 6 თვის განმავლობაში, ანუ ყოველთვიურად 200 ლარი. ასეთი თანამშრომლების სია შემოსავლების სამსახურს დამქირავებელმა უნდა წარუდგინოს. პირველი საკომპენსაციო თვე 2020 წლის აპრილია. რაც შეეხება კომპენსაციის გაცემის წესს, ყოველი თვის 20 რიცხვამდე, დამსაქმებლების მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აკეთებს ერთიან ბაზას თუ ვინ უნდა მიიღოს კომპენსაცია და ამ ინფორმაციას უგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს. სწორედ სააგენტოდან მოხდება თანხების უშუალოდ ჩარიცხვა.
მესამე კატეგორია, რომელიც ასევე უნდა გახდეს კომპენსაციის ბენეფიციარი, თვითდასაქმებულებს აერთიანებს. საუბარია ერთჯერად კომპენსაციაზე 300 ლარის ოდენობით. ამ ჯგუფს ფინანსთა სამინისტრო ორ ქვეკატეგორიად ჰყოფს: რეგისტრირებულები და არარეგისტრირებულები. არარეგისტრირებულებს კომპენსაციის მისაღებად შემოსავლებისა და ეკონომიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სჭირდებათ: ასეთ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად: შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, ნებართვა ან ლიცენზია, საბანკო ამონაწერი. მთავრია, რომ დადასტურდეს ეკონომიკური აქტივობა და შემოსავალი 2020 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც.
რაც შეეხება რეგისტრირებულებს, უწყება მათ კატეგორიად ჰყოფს. კომპენსაციის მისაღებად მათ დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, შემოსავლების დასადასტურებლად არ სჭირდებათ, თუმცა გარკვეული პირობები აქაც საჭიროა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უწყებამ 150 ათასამდე თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება უკვე მოახდინა
თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეტალია. როგორც რეგისტრირებულმა, ასევე არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პლატფორმაზე, რათა საკუთარი საბანკო რეკვიზიტები დააფიქსირონ, სადაც კომპენსაციის ჩარიცხვა მოხდება. კომპენსაციის მიღების წესი და დრო რეგისტრირებული და არარეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის განსხვავებული იქნება. რეგისტრირებულების შემთხვევაში კომპენსაციების ჩარიცხვა 10 დღის ვადაში მოხდება. არარეგისტრირებულების შემთხვევაში კი 2 კვირაა საჭირო, რომ სააგენტომ განიხილოს და დააჯგუფოს, შემდგომ კი უწყებათაშორის კომისიას გადასცეს ინფორმაცია. კომისია კი მონაცემების მიღებიდან 10 დღის ვადაში გასცემს კომპენსაციას.
სახელფასო კომპენსაციების გარდა, დღეს ფინანსთა სამინისტროში დეტალურად ისაუბრეს იმ სოციალურ მიმართულებებზე, რასაც ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრმა ის ჯგუფები ჩამოთვალა ვინც დახმარებას მიიღებს ბიუჯეტიდან.