"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" გუნდის მიერ უკრაინის მისამართით გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. აღნიშნულ საკითხზე გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის კომენტირებისას ისაუბრა.
გიგა ბოკერიამ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს აწყობს დასავლეთმა ის უკრაინასთან ერთად განიხილოს, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი.
"ყველა მთავრობის ტესტი უნდა იყოს, რომ მის ქვეყანას რაც სჭირდება, ის გააკეთოს. არა მის პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ჟინი მოიკლას, არა პირად ბოღმას, არამედ ქვეყანას რა სჭირდება. რიტორიკული კითხვაა, აწყობს თუ არა საქართველოს ის, რაც ახლა ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?! აი, ეს მუქარები, ბრიყვული და ქვეყნისთვის საზიანო, დიპლომატიური კორპუსის უკან გამოთხოვასთან დაკავშირებით,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ასეთ შემთხვევაში თავად, ხელისუფლების ადგილზე, ბოკერიამ უპასუხა, რომ როდესაც ევროკავშირის ქვეყნები პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ, უნდა მიხვდეს მთავრობა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს.
"თუ იმ დღეში აღმოვჩნდები, რომ ცივილიზებული სამყარო: დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ევროკავშირის ყველა ქვეყანა შენი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ფიგურებთან მიმართებაში უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, ჰაერზე ხომ არ ვლაპარაკობ, გაერთიანებული სამეფოს სასამართლომ, საბერძნეთის, საფრანგეთის, წყება საქმეები პოლიტიკური ფიგურების მიმართ აღიარა პოლიტიკურად მოტივირებულად და უარი უთხრა საქართველოს. რაღა უკრაინაზე აფეთქდით, ხო?! ე.ი. რაღაცას არასწორად შვრებით. რაღა პარტნიორი ქვეყანა, როდესაც შენი ინტერესია, რომ მასთან ერთად განგიხილოს დასავლეთმა პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდია უკრაინა, ჩვენ გვაწყობს, რომ ერთად გვიყურებდნენ, რომ ჩვენ არ დაგვივიწყონ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.