"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რომელიმე საჯარო თანამდებობას დაიკავებს, ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯად აღიქმება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"ჩვენ ერთადერთი, რასაც ვითხოვთ და ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ეს არის მეგობრობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ არის აბსოლუტურად მეგობრული და ეს გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ფორმატში.
ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი. დასჭირდება მუშაობა იმას, თუ რა ფორმატში მიიღება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ გადაიდგმება არამეგობრული ნაბიჯი, ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარდა ოფიციალური განცხადებებისა და წერილებისა, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციაც აქვთ და სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე პრემიერად მიხეილ სააკაშვილი აღარ განიხილება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ პირდაპირ კომუნიკაციას უკავშირდება რადას თავმჯდომარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.
"რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნებს და ხალხებს შორის მეგობრობა, რომელსაც აქვს საუკუნოვანი საფუძველი, ურყევია და აქ არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს არამეგობრული ნაბიჯი, თუ ასეთი გადაიდგა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ გადაიდგმება,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.