საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა და ის ამ ეტაპზე 8.50 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს:
"საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტს შეადგენს.
კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.
ინფლაციის დინამიკას, როგორც მოთხოვნის ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის მაჩვენებელზე გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება, მაშინ როდესაც მიწოდების ფაქტორები ინფლაციაზე უფრო სწრაფად ახდენს გავლენას. პანდემიის ფონზე, ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები მიმდინარე თვეებში ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის.
მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლას ეტაპობრივად განახორციელებს და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები.
როგორც აღინიშნა, მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლებით არის გამოწვეული. წინასწარი მონაცემებით, მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. ფულად გზავნილებშიც კლება დაფიქსირდა (-9 პროცენტი). ამასთანავე, შემცირებულია იმპორტიც (-13 პროცენტი), რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს.
მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ საწარმოო პროცესების და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები კომპანიების ხარჯებზე და, შედეგად, ფასებზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, იმ დაშვებით, რომ ვირუსის გავრცელების გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოკლევადიანია, ეს უკანასკნელი, დროებითი ხასიათის მიწოდების შოკს წარმოადგენს, რაზეც მონეტარული პოლიტიკის რეაგირება კონტრპროდუქტიულია. ამასთან, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა, რაც საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება. დამატებით საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი მოცულობით მოსალოდნელი დახმარება ხელს შეუწყობს შოკის გავლენის აღმოფხვრას ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე.
არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა როგორც საკრედიტო, ასევე ლიკვიდობის რისკები, რაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდაში გამოიხატა. იმისათვის, რომ ლიკვიდობის რისკი ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ გახდეს, ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები აამოქმედა. ეროვნული ბანკი სვოპ ოპერაციებით ლიკვიდობას როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აწვდის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ვითარებას მუდმივ რეჟიმში აკვირდება და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეროვნული ბანკი, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს," - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 24 ივნისს ჩატარდება.