პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად პარლამენტი აქტიურ მუშაობას განაგრძობს, ოღონდ ამჯერად ონლაინრეჟიმში. როგორც არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიდის და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული:
"გუშინ იყო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სადაც განვიხილეთ საარჩევნო სისტემის რეფორმის, პარტიების დაფინანსების საკითხები და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს თითქმის შეუფერხებლად.
საპარლამენტო არჩევნები არის მუდმივი განხილვის საკითხი. ამაზე დისკუსია არ შეწყვეტილა არც კოვიდ პანდემიის დროს, განსაკუთრებით ოპოზიცია ხშირად აკეთებს კომენტარებს არჩევნებთან დაკავშირებით, გამოთქვამს ვარაუდებს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო ამოცანა გვაქვს, არჩევნები ჩავატაროთ კონსტიტუციით განსაზღვრულ დროში და არა მხოლოდ ჩავატაროთ, არამედ ის წინმსწრები რეფორმებიც გავაკეთოთ, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს გახდის უფრო კონკურენტულს, უფრო სამართლიანს.
ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეუთოს ის რეკომენდაციები, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაცემული, ეს უკავშირდება კამპანიის ჩატარებას, პოლიტიკურ რეკლამას, ადმინისტრაციული რესურსის დარეგულირებას, საარჩევნო დღეზე, პერიმეტრის მოწესრიგებაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, არის რამდენიმე ტექნიკური ხასიათის რეკომენდაცია, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, რომ შესაძლოა პირდაპირი სახით ამ რეკომენდაციების გათვალისწინება ყველა მხარისთვის არ იყოს მისაღები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ოპოზიციაც ხედავს.
თალაკვაძის თქმით "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე წარმატებას მიაღწევს. ამასთან არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსის მიუხედავად, შეთანხმება არ დაირღვევა და საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება:
"საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე ჩვენ განვაახლებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე და დამატებითი სხდომების დანიშვნაც რომ დაგვჭირდეს ჩვენ მზად ვართ," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.