18 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
თუ პირველი მოსმენისთვის პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული, შესაბამისი რეაქცია გვექნება - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიციას შესაბამისი პასუხი ექნება. როგორც სერგი კაპანაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, შეთანხება ორი ნაწილისგან შედგება და მათგან ერთი სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. 

"შეთანხება იყო ორ ნაწილიანი და ახლა ამის ეჭვქვეშ დაყენება არის უბრალოდ სიცრუე. არ მიკვირს სიცრუე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან. ის, რომ საუბარი არის შეთანხმების ორ ნაწილზე - ერთი, რომელიც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას და საარჩევნო სისტემას და მეორე, პოლიტიკური დევნის დასრულებას, კარგად ჩანს თუნდაც იმ ფაქტიდან, როდესაც ბატონ ოქრუაშვილს რამდენიმე დღის წინ შეუფარდეს სასჯელი. ამას გამოეხმაურა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ისე ევროკავშირის საელჩო და მას პირდაპირ მიაბეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც არსებობდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

ასევე განცხადებები, რომელიც კეთდებოდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაგალითად გიგი უგულავას დაჭერის შემდეგ და მთელი ამ მოლაპარაკებების პროცესში, ნათლად მიუთითებს, რომ შეთანხმება სწორედ ამ ორი პუნქტისგან შედგება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორეს მხრივ შეთანხება საარჩევნო სისტემაზე 120/30-ზე, რომელზეც პარლამენტმა მუშაობა პარლამენტმა დაიწყო.

თუ არ შეასრულებენ თავის ნაწილს შეთანხმების, მაშინ ჩავარდება ეს შეთანხმება, ბუნებრივია. მე რასაც ვუსმენ ხოლმე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, ეს არის გაქცევა პასუხისმგებლობისგან," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ფაქტი არის ერთი - ამ შეთანხმების ნაწილი არის პოლიტიკური დევნილების გათავისუფლება. პოლიტიკური პატიმრები თუ გათავისუფლდებიან, ამ შემთხვევაში შეთანხმების ნაწილი იქნება შესრულებული.

თუ ვნახავთ, რომ პირველი მოსმენისთვის არ არიან პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებული, მაშინ შესაბამისი რეაქცია გვექნება ჩვენც. ნათელი პოზიცია აქვს მთელს ოპოზიციურ სპექტრს, ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილს მოვატყუებინოთ თავი," - განაცხადა სერგი კაპანაძემ "დღის კურიერში". 

დღის ამბები