"ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმის გამო გასამართლებული პირის დანიშვნა," - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესახებ კახი კალაძემ უკრაინული ტელეარხის ეთერში ისაუბრა.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დააზარალებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა, როგორც მეგობარი ქვეყანა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვიცე-პრემიერად სისხლის სამართლის წესით გასამართლებულ პირს არ დანიშნავს. ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გასამართლებული პირის დანიშვნა პოლიტიკურ პოსტზე.
არც საქართველოს, ქართველ ხალხს და არც უკრაინას, უკრაინელ ხალხს არ უნდათ სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტი და დესპოტი. ეს დაამტკიცეს უკრაინაში, როდესაც ის ოდესის ოლქის გუბერნატორად იყო დანიშნული. პროვოკაციებისა და პირადი პოლიტიკური ქულების დაწერის გარდა, მას არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება იმას, თუ რა გააკეთა საკაშვილმა საქართველოში, ეს ქართველ ხალხს ჰკითხეთ და დეტალურად მოისმენთ იმ საშინელებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მან საქართველოში ჩაიდინა. სააკაშვილს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ ავტორიტარულ გარემოში. დემოკრატიის პირობებში ის მარგინალი ხდება. ამიტომ, უნდა დაფიქრდეს ყველა, ღირს თუ არა შეიქმნას ძალადობრივი რეჟიმი სააკაშვილის ავანტიურისტული მიზნების განსახორციელებლად. მას ყოველთვის აბსოლუტური ძალაუფლება უნდა. ეს ნიშნავს, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი მის მისაღებად. თუკი უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს, თუნდაც ნებისმიერ თანამდებობაზე დაინიშნოს, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.
სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა დააზარალებს იმ ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ. შემდეგ კი, პირადად სააკაშვილი იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნათ. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი გუშინდელი დღეა, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები, უნდა ვიაროთ წინ და არ დავიხიოთ უკან," - განაცხადა კახა კალაძემ.