თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დასაწყობებული 52 ტონა სამედიცინო ტვირთი საქართველოს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ჩინეთის ელჩთან ერთად ნახეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა ჩინელ დიპლომატს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ვირუსის დამარცხებას მსოფლიო მალე შეძლებს.
სხვადსხვა სახის ტესტები და სამედიცინო აღჭურვილობა თბილისში გუშინ გამთენიისას ჩამოვიდა.
"განხორიცელდა პირდაპირი ჩარტერული რეისი ჩინეთიდან საქართველოში, რომელმაც ჩამოიტანა ჩინეთის მთავრობის მოცულობითი საჩუქარი საქართველოს მთავრობისადმი. ამ ტვირთში შედიოდა ის პროდუქტებიდა ის აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა დღევანდელ დეეს მედიკოსებისთვისმ რათა ეფექტურად განხორციელდეს პანდემიასთან ბრძოლა"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
"მოხარული ვარ, რომ ვესწრები საქართველოსთვის ამ დახმარების გადაცემის ღონისძიებას, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეუძლიათ ქვეყნებს ამ ეპიდემიის დამარცხება. პირველი დღეებიდანვე, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირუსის გავრცელების პრევენციას და იღებს მტკიცე გადაწყვეტილებებს მისი კონტროლის მიზნით. ამ ეტაპზე, საქართველოს აქვს ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, გამოჯანმრთელებულთა მაღალი რაოდენობა და სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ეს ყველაფერი კი, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მკაცრი ზომებისა და ქართველი ხალხის მხრიდან სიტუაციის სერიოზულობის კარგად გააზრების შედეგია. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ახლო მომავალში დაამარცხებს ამ ეპიდემიას," - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანმა.