"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, 1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-ზე ნაკლებია სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.
როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს, იქ დასაქმებული ექიმები და ექთნების ნაწილი კი უმუშევრად დარჩება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.
“520-ე დადგენილებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი და მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.
ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. მისი თქმით, COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.
“ჰოსპიტალური სექტორი დიდ სამოქალაქო და სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს, როდესაც კრიზისის პირობებში 520-ე დადგენილების შეცვლის მოთხოვნა დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იგივე ნაბიჯების გადადგმა სამედიცინო სფეროს სხვა სექტორებში განაგრძონ,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რომ შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების ფასდაუდებელი შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. ჭიაბერაშვილის აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს.