18 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
გაძლიერდეს NATO, დავეხმაროთ საქართველოს, დავიცვათ დასავლეთი - ევროპარლამენტარ კეროლ კარსკის სტატია reaction.life-ში

ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პროდასავლური ქვეყნების დახმარების აუცილებლობაზე წერს და საქართველოზე ამახვილებს ყურადღებას:

"მთავრობის უზენაესი მოვალეობა თავისი ხალხის დაცვაა. ახლა, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, კარგად გვესმის ამ ძველი გამოთქმის არსი. დღეს და მთელი ახალი კორონავირუსის კრიზისის პერიოდში ეს ვალდებულება გამოიხატება ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობების გაზრდაში, პერსონალური დაცვის  საშუალებების უზრუნველყოფაში, მასიური ტესტირების მობილიზაციაში და სხვა ძალისხმევაში, რათა ვირუსის გავრცელება შენელდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯანდაცვის პოლიტიკის გატარებაა ახლა მთავრობის უპირველესი ვალდებულება. ნორმალურ პერიოდებში - და ასეთი მალე დაგვიდგება - თუმცა, ბევრს ასე არ ჰგონია, მთავრობის ვალდებულება უფრო ხშირად იქნება მისი მოქალაქეების დაცვა გარე საფრთხეებისგან ხელისუფლების მიერ შემუშავებული უსაფრთხოებისა  და თავდაცვის პოლიტიკის საშუალებით.

მსოფლიო, რომელიც ამ კრიზისის დასრულების შემდეგ იარსებებს, ბევრი თვალსაზრისით იქნება იგივე, თუმცა განსხვავებულიც იქნება ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორით. ყველაზე მკვეთრი სხვაობა ის იქნება, რომ ყველანი უფრო ღარიბები ვიქნებით. ეკონომიკური დახმარების პაკეტები, რომლებიც ახლა იქმნება, მომდევნო ათწლეულის ან მეტის განმავლობაში ბიუჯეტზე წნეხს იქონიებს მთელს დასავლურ სამყაროში.

თუმცა, გაერთიანებულმა სამეფომ, პოლონეთმა და სხვა მოკავშირეებმა უნდა გაუძლონ ცდუნებას და არ შეამცირონ საბიუჯეტო დაფინანსება ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების საჭიროებებისთვის. ახლა განსაკუთრებით შეუფერებელი დროა  ამისთვის.

გაერთიანებული სამეფოს როლი პოსტ-პანდემიური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში ფუნდამენტურია. ნუ დააკნინებთ მის მნიშვნელობას. ალიანსის ძირითადი წევრის, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე განვითარებული სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის რანგში, გაერთიანებული  სამეფოს როლი თავისუფალი სამყაროს დაცვის საქმეში უცილობელი რჩება, ევროკავშრის დატოვების მიუხედავად.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უახლესი საერთაშორისო ამბავი - სანამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია ყველა სხვას გადაფარავდა - ამ ფაქტს ადასტურებს.

თებერვალში გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში მომხდარი მასიური კიბერთავდასხმა გაანალიზეს. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო ევროპის გეოგრაფიულ და ტექნოლოგიურ საზღვარზე იმყოფება. თუ გლობალური ბრიტანეთი რამეს ნიშნავს, ეს არის მისი გაძლიერებული როლი - ისეთი, როგორიც თებერვალში გამოჩნდა, როდესაც ჩვენს პრო-დასავლურ მოკავშირეებს დაეხმარა მსოფლიოს რთულ ადგილებში.

საქართველო ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითია: ის რუსეთსა და ირანს შორის იმყოფება, თუმცა მის ამჟამინდელ მთავრობას განზრახული აქვს პრო-დასავლურ, პრო-ალიანსურ გზას  მიჰყვეს. მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მეთაური გიორგი გახარია  ღიად აცხადებს, რომ მთავრობას სურს ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ მიზანს და ეს უახლესი გამოკითხვებით დასტურდება.

ეს შეიძლება აუხდენელ ოცნებად ჟღერდეს, სანამ მონაცემებს ნახავთ. საქართველო სულადობრივად უკვე არის NATO-ს საერთაშორისო მისიების ყველაზე დიდი მონაწილე ავღანეთში და ის ახლახანს გახდა მეორე არა-წევრი სახელმწიფო (ფინეთის შემდეგ), რომელიც ალიანსის კიბერუსაფრთხოების პლატფორმას შეუერთდა, რომელსაც MISP აკრონიმით იცნობენ. პარტია „ქართულ ოცნებას“ ასევე განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია: გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება. შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში; მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; "Heritage" ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს.

ეს რატომ უნდა გვაინტერესებდეს? იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველასთვის დამაიმედებელი ამბავია. დასავლური კაპიტალიზმისა და დემოკრატიის კლება ბოლო წლებში ფართოდ იყო პროგნოზირებული, თუმცა საფრთხისა და პესიმიზმის მომასწავებელი უწყებების აზრები მცდარი გამოდგება. ქართველებისთვის და ევროპის სამეზობლოს ბევრი სხვა პრო-დასავლური ქვეყნების მოსახლეობისთვის, დემოკრატია და თავისუფლება "მთის წვერზე შარავანდედით მოსილ ციტადელად" რჩება.

თუმცა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ. ალიანსის გაძლიერება, პროდასავლური მთავრობებისთვის მიცემული პირობისადმი დაბრუნება და თავისუფალ ადამიანთა უფლებების დაცვა ყველგან უნდა მოხდეს: ეს აუცილებელია თუ გვინდა კვლავ იდეების ბრძოლაში ვიმარჯვოთ და აღვკვეთოთ ავტორიტარული მოდელები მთელს მსოფლიოში.

სამყარო მაგიური ძალის შედეგად ვერ გახდება უსაფრთხო და ბედნიერ ადგილად, როდესაც ახალი კორონავირუსი გაილევა. დასავლეთის ძალებმა უნდა გააკეთონ ეს და დამოუკიდებლობის ახლად მოპოვების  შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა იკისროს ცენტრალური როლი ამ მიმართულებით.

პროდასავლური მთავრობების მქონე ქვეყნებს  - ისეთებს, როგორც საქართველოა  - უნდა დავეხმაროთ. კიბერთავდასხმებსა და სხვა სახის აგრესიას უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ ქვეყნებში. თუმცა, ყველაზე მყისიერად უნდა მივმართოთ ყურადღება იქეთ, სადაც კრიზისის გამო ეკონომიკური გამოწვევები შეინიშნება, რათა ცდუნებას არ ავყვეთ და მცდარ ეკონომიკურ რეალიებში არ ჩავიკარგოთ, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხოებასა და სავარაუდოდ სხვა კრიზისში გადაიზრდება მომდევნო წლებში,"- წერს ავტორი.

დღის ამბები