"ევროპული საქართველო" ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვებზე საუბრობს. პარტიის ინფორმაციით, კომპანიები, რომლებისგანაც უწყება ინვენტარს ყიდულობს, ახალი შექმნილია, არ იძებნება ინტერნეტსივრცეში და არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ და სვამენ კითხვებს, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს კომპანიები. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოტანილი შეზღუდვებით თავად მთავრობა სარგებლობს.
"იქმნება სურათი, როდესაც მათ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, შემოიღეს შეზღუდვები, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს სხვა ბიზნესები და გააჩერეს ეკონომიკა. სამაგიეროდ მათი პარტნიორები და თვითონ ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს და იყენებენ ამ შეზღუდვებს.
ეს არ არის ერთი მაგალითი. გაგახსენებთ “სუფთა სახლის” მაგალითს, რომელიც რატომღაც დახურეს და მაშინ, როდესაც სხვა კომპანიები მუშაობდნენ. გარდა ამისა, გაგახსენებთ ონლაინვაჭრობის მაგალითს და სხვა ბევრი მაგალითები არსებობს," - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.