ანტიკრიზისული გეგმისთვის 3 ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყო. აქედან ნაწილი ბიზნესის და ეკონომიკის მხარდაჭერას მოხმარდება. პრიორიტეტული პროგრამების ცვლილებებზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა, რომელმაც გეგმის პრეზენტაცია გამართა.
"ჩვენი ტრადიციული პროგრამა, სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება განახლდა. ეს ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც 5 წლის წინ დავიწყეთ. თუ აქამდე ვახდენდით თითოეული ბიზნესის სესხის პროცენტის სუბსიდირებას 2 წლის განმავლობაში, ამჯერად ჩვენ ვაგრძელებთ ამ პერიოდს და 3 წლის განმავლობაში ამ დახმარების მიმღები ბიზნესი შეძლებს მინიმალური პროცენტით ჰქონდეს საბანკო სესხი, რადგან ჩვენ, სახელმწიფო დავასუბსიდირებთ დანარჩენს," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა გეგმის წარდგენის დროს, თანადაფინანსების პროცენტზეც ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ბიზნესს პროცენტის თითქმის სრული ოდენობით, 11.5%-ით დაასუბსიდირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს საშუალება ექნება, 36 თვის განმავლობაში ფაქტობრივად უპროცენტო სესხით ისარგებლონ.
"იზრდება თანადაფინანსების პროცენტი. 2019 წელს, როდესაც ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, არ იყო აუცილებლობა ბევრი ინტერვენცია განგვეხორციელებინა. ამიტომ, მხოლოდ 7%-ით ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როდესაც ისინი საბანკო სესხს იღებდნენ. დღეს, როდესაც ბიზნესს გაუჭირდა, ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ 7% და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა - 11.5%-ით დავასუბსიდიროთ სახელმწიფო სახსრებით. ეს მისცემს საშუალებას ბიზნესებს, მოითქვან სული და ფაქტობრივად, უპროცენტო სესხით ისარგებლონ 36 თვე.
50,000 ლარის სესხიც კი, უკვე ჩვენი პროგრამის დახმარების საგანია. დღეს, როდესაც კომპანიებს დასჭირდებათ ფული იმისათვის, რომ გაისტუმრონ ხელფასები ან სხვადასხვა მიმდინარე დავალიანებები, ჩვენ შეცვალეთ რადიკალურად მიდგომა და 50%-მდე სწორედ ასეთი ტიპის დაფინანსებას დავეხმარებით,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.