უკრაინაში მიხელ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ოპოზიციური სპექტრის წევრებისთვის მიუღებელია.
საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავენ. მიმართვას 15 ხელმომწერი ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება.
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, განცხადებები და პოზიცია, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.
"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გამოირჩევა შიშებით და კომპლექსებით, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. რატომღაც ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა მიაღწიოს უკრაინაში ან სადმე სხვაგან. ეს გამოავლინა კიდევ ერთხელ ამ პერიოდში, როდესაც გაირკვა, რომ უკრაინაში არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი დაინიშნოს გარკვეული რეფორმების ხელმძღვანელად. ეს განცხადებები და პოზიცია, რომელიც ფიქსირდებოდა საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული ეს განცხადებები არადიპლომატიური და არასახელმწიფოებრივი იყო.
"მოგეხსენებათ, როგორი მკვეთრი განცხადებები ჰქონდა ქალბატონ პრეზიდენტსაც, ბატონ პრემიერსაც და ბატონ სპიკერსაც. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები იყო არა მხოლოდ არადიპლომატიური, არამედ არასახელმწიფოებრივიც, რადგან ასეთი ფრაზეოლოგიით ნამდვილად არ შეიძლება სხვა ქვეყნის შიდა სტრუქტურებში ჩარევა. ის სასამართლო განჩინებები და ის ბრალდებები, რაც განსაკუთრებით თავიდან მოხდა სააკაშვილის მიმართ, იყო ნამდვილად მოტივირებული, ისიც გარკვეული ინტერესებით," - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.