18 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა COVID-19-თან საბრძოლველად 80 მლნ დოლარის გამოყოფის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. დოკუმენტს ონლაინ რეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა

როგორც ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი, საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება. 

ამასთან ერთად პროექტი ითვალისწინებს COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

"მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ამ საკითხზე მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა. აღნიშნული მოლაპარაკებები დაიწყო პანდემიის პირველივე დღეებში და მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მათ ამ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. უფრო მეტიც, მინდა ხაზი გავუსვა მსოფლიო ბანკის როლს როგორც ამ პროგრამის მომზადებაში, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დამატებით, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის დაფინანსების გამოყოფის შესახებ. ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული აღნიშნული ფინანსური დახმარება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უსვამს ხაზს. 

"პანდემიის პირველივე დღიდან მოყოლებული ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და კერძოდ, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებსა და მსოფლიო ბანკს შორის ნამდვილად განსაკუთრებულია. როგორც მოგეხსენებათ, ეს 80 მილიონი დოლარის მოცულობის პროექტი გახლავთ უფრო ფართო დახმარების ნაწილი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მოსახლეობასა და მის ინსტიტუტებს ვუმზადებთ," - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა

დღის ამბები