საქართველოს პრეზიდენტი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.
"დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.
ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.
სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობას და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში.
მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.