18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
მცდარი ინფორმაციის რუსული პროპაგანდა რომელსაც ჩინეთის მედიაში სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა - რა პოზიცია აქვს ჩინურ მხარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლი იენთან.

შეხვედრისას განხილული იქნა საქართველო - ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, ჩინეთის მიერ გაწეული დახმარება COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის ქართველი და ჩინელი მედიკოსების, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 პანდემიის დროს და შეეხო საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულების ობიექტს, როგორიც ლუგარის ლაბორატორიაა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომელსაც სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა ჩინეთის მედია საშუალებებში.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ იგი ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით. აღინიშა, რომ პანდემიის დაწყებიდან ხდება ქართველი და ჩინელი ექიმების, ეპიდემიოლოგების და დაავადებათა კონტროლის სამსახურების მუდმივი კონტაქტი და ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ინფორმაციების, კვლევის შედეგების და მკურნალობის მეთოდების აქტიური გაზიარება.

"სამწუხაროდ რუსული მხარე აგრძელებს მცდარი ინფორმაციის პროპაგანდას საქართველოსთან დაკავშირებით. სხვადასხვა ქვეყნის მედია, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მედია, აჰყვა ამ პროპაგანდას და ჩვენ ვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება განსხვავებული კონტექსტით. ჩვენ შევხვდით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს.

ჩინურმა მხარემ განმარტა, რომ ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და სურვილი გამოთქვა, რომ გააგრძელოს საქართველოსთან დღეისთვის ჩამოყალიბებული ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ჩინურმა მხარემ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე და იმ ქმედებებზე, რომელსაც ორივე სახელმწიფო მიმართავს პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში, სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით.

დღის ამბები