"ევროპული საქართველო" ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია, შეზღუდვების დიდი ნაწილი კი აბსურდულია და აღსრულებაც შერჩევითად ხდება. "ევროპული საქართველოს" მოთხოვნებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.
"ევროპული საქართველოს" მოთხოვნები რამდენიმე პუნქტს მოიცავს:
"ივანიშვილის ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი დაწესების დღიდან აბსურდული იყო, ხოლო მათი აღსრულება შერჩევითად ხდება. დღეს, როცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო აქტიურად ეკონომიკის ამუშავებასა და ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე ზრუნვა, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გეგმა დაგვიანებულია და თავისი არსით, ნელი ტემპისაა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნები უკვე არიან ერთმანეთთან კონკურენციაში, თუ სად უფრო სწრაფად და ეფექტურად გაიხსნება ეკონომიკა.
საქართველოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ხელისუფლებამ შერჩევითად და არათანმიმდევრულად გაავრცელა, რამაც შეზღუდვათა მთელ წყებას იმთავითვე დაუკარგა აზრი.
საქართველოს ეკონომიკა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია და გადაწყვეტილების სწრაფად არმიღების ფასს, საქართველოს მოქალაქეები, ასიათასობით ოჯახი გადაიხდის.
ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას:
1. 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, დაუბრუნოს მოქალაქეებსა და მეწარმეებს ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის უფლება ხოლო იქამდე სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აღდგენის პირობებისა და მუშაობის გონივრული წესები დაადგინოს. (მაგ. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების მოთხოვნა და სოციალური დისტანციის დაცვა), რომელთა დარღვევაც გამოიწვევს ადეკვატურ სანქციებს.
2. დაუყოვნებლივ გააუქმოს კომენდანტის საათი
3. აღადგინოს ქალაქებში და ქალაქთაშორისი მიმოსვლა, შეიმუშავოს მასობრივი ტესტირების წესი და დაიწყოს ტესტირება დაავადების გავრცელების ზონებში, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად.
4. მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები - გააუქმოს მცირეწლოვანის ბავშვების, ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობის აკრძალვა
5. გააუქმოს მუნიციპალიტეტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანაზე გაცემული ექსკლუზიური უფლებები და მისცეს ყველას ყიდვა/გაყიდვის უფლება
6. გახსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი. ასევე დაადგინოს ქვეყანაში შემოსულებისთვის ტესტირების ან კარანტინის წესი
7. განაგრძოს მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და დროებით შეზღუდოს მასობრივი თავყრილობები ( 50 ადამიანი და მეტი)" - ნათქვამია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.