მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ, პრეზენტაციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომელიც უპრეცედენტოა მსოფლიოში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ რეალურად აჩვენა მსოფლიო ბაზარს კარანტინის პროექტი, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო და 2500 მეტი ადამიანია უშუალოდ დასაქმებული. საქართველო დაპოზიციონირდა საერთაშორისო არეალზე ქვეყნად, რომელმაც პრაქტიკიდან გამომდინარე, ზუსტად იცის რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ინდუსტრია, რომელიც დღეს არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, რომლის გამოყენებაც კონკურენტუნარიან გარემოში მნიშვნელოვანია.
"ეს არის პირველი პრეცედენტი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. საქართველომ დაიკავა უდიდესი კონკურენტუნარიანი პოზიცია, რადგან მსგავსი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია. საქართველო იყო პირველი ვინც პრაქტიკაში 17,000 ადამიანზე მეტ ადამიანს კარანტინის მომსახურება სრულად გაუწია ტურიზმის ინდუსტრიის სერვისებით.მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები სტანდარტებზე ახლა ფიქრობენ, ჩვენ ორი თვეა სასტუმროებში, ტრანსპორტსა თუ ქეითერინგში არა თუ უმკაცრესად გვაქვს სტანდარტები დანერგილი, არამედ პრაქტიკაში ხორციელდება მისი აღსრულება- სერვისის, კვების და განთავსების ნაწილში," - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სასტუმრო ინდუსტრიისთვის, გიდებისთვის, სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიებისთვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან კრიტერიუმების მოწოდების შემდეგ, ცალკე პაკეტს შევიმუშავებთ რათა დავეხმაროთ ტურიზმის ინდუსტრიას მის იმპლიმენტაციაში.
"ეს დაგვაზღვევს, რომ ტურიზმი არ გახდეს უნებლიე იმპორტიორი იმ ვირუსის რომელსაც ყველა ვებრძვით. ამავდროულად დააზღვევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი. სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული, როგორც ყოველთვის კერძო სექტორთან. ეს იქნება ტრენინგები, გაიდლაინები თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება- ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ," -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.