18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
გატაცებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე კრიზისების მართვის ჯგუფი მუშაობს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი

ჯერჯერობით უცნობია როდის გაათავისუფლებენ გატაცებულ ქართველ მეზღვაურებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიპლომატიურ უწყებებთან ერთად მეზღვაურების გამოსახსნელად ინტენსიურად მუშაობს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა კომპანიამ უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მეზღვაურების გათავისუფლებაზე მუშაობს.

რაც შეეხება ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, გემზე დარჩენილი ოთხი ქართველი მეზღვაური უკვე უსაფრთხო ადგილზეა, ისინი დღეს ტოგოს ნავსადგურში ლომეში შევლენ, რის შემდეგაც მათი საქართველოში დაბრუნების პროცედურა დაიწყება.

შეგახსენებთ, 30 აპრილს ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები დაესხნენ. ეკიპაჟის 14 წევრიდან 10 გაიტაცეს, მათგან 9 საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი უკრაინის. საქართველოს მოქალაქეა გემზე დარჩენილი 4 მეზღვაურიც.

 

დღის ამბები