ოპოზიციის მოთხოვნას პოლიტიკური პროცესების აღდგენასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახლა პრიორიტეტულია პანდემიასთან ბრძოლა და საპარლამენტო უმრავლესობა აქტიურად მუშაობს ონლაინრეჟიმში, ასევე მაჟორიტარები გასულები არიან რეგიონებში და იქ მუშაობენ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დებატები და პოლიტიკური ცხოვრება უნდა აღდგეს მაშინ, როდესაც ეს რისკები გადაივლის და მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი მოიხსნება.
"საქართველოს პარლამენტი გადასულია მუშაობის ონლაინრეჟიმზე. საპარლამენტო უმრავლესობის "ქართული ოცნების" გუნდი აქტიურად ვართ ჩართული პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები უშუალოდ მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩართულია.
ჩვენთვის დღეს პრიორიტეტულია ამ საგანგებო სიტუაციაში, ამ რთულ ვითარებაში, უშუალოდ ფიზიკურად მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ჩვენს საზოგადოებას," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.