18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
თუ ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოატყუებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა შეუწყდება - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში 2020 წლის არჩევნებზე ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის შეთანხმების ორივე ნაწილის (საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა) შესრულება აუცილებელია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევს, ქვეყანას ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსური მხარდაჭერა შეუწყდება. 

"პირველ რიგში, უნდა შესრულდეს შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან დაიდო. ის, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და შეთანხმების პირველი ნაწილი უნდა გაფორმდეს კონსტიტუციაში და კონსტიტუციას უნდა ვუყაროთ კენჭი და მივცეთ ხმა. ვადებში ეს შეიძლება რომ ჩაეტიოს, ოღონდ ამას თან ახლავს მეორე ნაწილი შეთანხმებისა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩმა დაადასტურეს, რომ ეს სწორედ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო, მათი განცხადებით.

თუ ვინმეს გონია, რომ ივანიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობისა და საკუთარი ხალხის მოტყუებას მეორედ შეძლებს, ძალიან ცდება. ერთხელ მოატყუა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც გამოიყვანა გაეროს ტრიბუნაზე და იქიდანაც მოატყუა მთელი მსოფლიო. არჩევნების სამართლიანობს აღიარება, როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მისი შედეგების ლეგიტიმაცია დამოკიდებულია იმ შეთანხმებაზე, რომელიც იქნა მიღწეული ოპოზიციას, ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის. ამიტომ, არჩევნების ჩატარებისთვის საჭიროა საარჩევნო კანონის მიღება, რომლისთვისაც საჭიროა პოლიტიკურ დევნის შეწყვეტა.

ისევ ვახსენებ ჩვენს ბიუჯეტს- ჩვენი ბიუჯეტი არ არსებობს ევროკავშირისა და ამერიკის  დახმარების გარეშე. თუკი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გაბედავს საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებას, ივანიშვილს დაუწესდება პერსონალური სანქციები და, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. თუ ამაზე წავა საქართველოს ხელისუფლება, მას ძალიან მძიმე ბედი ელის. არჩევნების პროცესი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ეპიდემიის გავრცელების ხარისხზე, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სრულყოფილ საარჩევო კამპანიაში ჩავერთვებით და ხელისუფლება ამ ვითარებას სათავისოდ არ გამოიყენებს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები