პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ არასამართლიანად გადანაწილებულ დახმარებებზე საუბრობს. რომან გოცირიძე „დღის კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ ხელისუფლება ადამიანებს სოფლელებად და ქალაქელებად ჰყოფს.
მისი განმარტებით 840 ათასამდე თვითდასაქმებულთაგან სახელმწიფოსგან დახმარებას მხოლოდ 250 ათასამდე თვითდასაქმებული მიიღებს. მისი თქმით აქაც დისკრიმინაცია ხდება, რადგქანაც ხდება ადამიანების ორ ნაწილად გაყოფა: საბუთიანი და უსაბუთო თვითდასაქმებულები.
"ხელისუფლება არ უწევს დახმარებას სამართლიანად იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ მე ადამიანებს გავყოფ ორ ნაწილად, ერთს სოფლელებად და მეორეს ქალაქელებად და სოფელში მაცხოვრებელი 600,000 ადამიანი, რომელიც არის თვითდასაქმებული, სულ 840 ათასია, და ამ 600 ათასს არაფერს ვაძლევ, აი ასე ამბობენ, ნული. იმ 300 ლარსაც კი არ აძლევენ. ხოლო ის დარჩენილი 250 ათასი თვითდასაქმებული, ამათაც დახმარებას გავუწევ, ვინც საბუთს წარმოადგენს, აქაც დისკრიმინაციაა, სეგრეგაციაა: საბუთიანი და უსაბუთო. რა ქნას უსაბუთო სანტექნიკმა? დურგალმა?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის განმარტებით, ბიუჯეტში 1 მილიარდამდე უსარგებლო, მეორეხარისხოვანი ხარჯი არსებობს, რომლის რესურსებიც თვითდასაქმებულთა და უმუშევართა დახმარებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.
"ამის მექანიზმი არის მარტივი, რომ არ არის ამ ადამიანების წვალება საჭირო. არა თუ თვითდასაქმებულებს, არამედ უმუშევრებსაც უნდა დავეხმაროთ იმ რესურსებით, რომელიც არის ბიუჯეტში. არის ამის რესურსი. ბიუჯეტში არის დაახლოებით 1 მილიარდამდე უსარგებლო, მეორეხარისხოვანი ხარჯი. არ არის საჭირო ზოგიერთი ხარჯის გაწევა ახლა. დღეს არის ადამიანების შიმშილისაგან გადარჩენის პრობლემა.
აგერ თბილისის მერიას 30 მილიონის ღირებულების მიკროავტობუსების ყიდვა უნდოდა საკუთარი ფულით და მერე, რომელიღაც კერძო კომპანიისთვის ლიზინგად გადაცემა. ფაქტიბრივად კერძო ბიზნესის დაფინანსება გამოდიოდა და როდესაც იყო ზეწოლა, შეჩერდა ეს პროგრამა.
შეიძლება უამრავი ხარჯი გადაიწიოს მომავალში, რომელიც შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ეს არის უამრავი, კორუფციული, უსარგებლო ხარჯები.
300 ლარიანი თვითდასაქმებულები პირველ რიგში იქნებიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები. აი ნახავთ თქვენ რამდენი პრობლემა წარმოიშვება. ცნობებს მიიტანენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებსაც რომელიღაც სიპი ან აიპი კერძო კომპანია მისცემს ცნობას, რომ ეს არის ამ კომპანიაში დამლაგებელი ან დარაჯი,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.