ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომაზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილები დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარი გადაეცემათ, საერთო ჯამში კი 1200 ლარს მიიღებენ.
ვანო მაჭავარიანის თქმით, კომპანიები, რომლებიც სამინისტროს დასაქმებულებისა და საშემოსავლო გადასახადის შესახებ რეალურ ინფორმაციას არ მიაწვდიან, დაჯარიმდებიან.
"ჩვენ ერთის მხრივ გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორეს მხრივ იცით, რომ გვექნება ასევე 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარის დახმარება იმ ადამიანზე, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებულ და დროებით არიან უხელფასოში ან უბრალოდ ხელფასს ვერ იღებენ ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში, ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრება კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში ამ შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქემდე ყველა შესაძლებლობა თანაბრად უნდა მივიდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი დავალება და მოწოდება გაჟღერდა, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, გაორმაგდეს ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს თანაბრად ყველა ის შესაძლებლობა და მომსახურება საგანგებო ვითარების პირობებში, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკის მიმართულებით," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.